პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა კორონავირუსით ინფიცირებული დროულად გადაიყვანონ კლინიკაში ცხელების ცენტრებიდან.
მისი თქმით, ორი გარდაცვლილი პაციენტი რამდენიმე საათით გვიან გადაიყვანეს, თორემ მათთვის სიცოხლის შენარჩუნების მეტი შანსი იქნებოდა.
ის ექიმებს უხსნის, როდის უნდა გადაიყვანონ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტები.
,,ყველა ექიმს მოვუწოდებ, ვინც არის ამ ცხელების ცენტრში, როგორც კი შენიშნავენ 60+1 და სატურაციას 92-ს აუცილებლად, დაუყოვნებლივ გადმოიყვანონ ჩვენს კლინიკაში. ჩვენ ვართ რეფერალური კლინიკა, რომელიც იღებს ყველა მძიმე პაციენტს, თუ ვინმე არის და დაგვიანებულ შემთხვევას სჯობია ჩვენს კლინიკაში სწრაფად იქნეს მათი ჰოსპიტალიზაცია და პრანსპორტირება, რომ ასეთი ლეტალური შედეგები არ გვქონდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ურესურსო პაციენტები იყვნენ ორივე, მაინც ვფიქრობთ, რომ რამდენიმე საათი დაგვიანდა მათი ჩვენთან გადმოყვანა. თუ შესაძლებელი იქნებოდა მათი სწრაფი ტრანსპორტირება და სწრაფი ჰოსპიტალიზაცია, უფრო დიდი შანსი გააჩნდათ პაციენტებს, რომ სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა”,- თქვა რატიანმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ კლინიკაში მკურნალობს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც, ასევე, გვიან შეიყვანეს კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მონაცემების მიხედვით, ადამიანი წესით კვდება.
,,აქაც დაგვიანებული შემთხვევაა იმიტომ, რომ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სატურაცია იყო 67. ეს ის მომენტია, როცა წესით და კანონით ცოცხალი არსება, სიცოცხლეს წყვეტს. მაგრამ ამ ეტაპზე ეს პაციენტი აგრძელებს მკურნალობა. იმედია, რომ ჩვენი ჩატარებული ღონისძიებები დადებით შედეს გამოიღებს”, — განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები 170-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულების 36-მდე.