რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი. ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

მსოფლიოში ამჟამად  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  64.2 მილიონი  დოზაა გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯამური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანია უკვე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული, რადგან იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ვაქცინის ორი დოზაა საჭირო.

ლიდერი გაკეთებული ვაქცინების რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 20 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გაკეთდა, თუმცა ვაქცინაციის ტემპები აშშ–ში იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ. 20 მილიონი დოზის გაკეთება გასული წლის დეკემბრის ბოლომდე იყო დაგეგმილი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ბოლო კვირას ვაქცინის ადმინისტრირების ტემპები დაჩქარდა, თუმცა სასურველისგან ჯერ შორს არის. ვაქცინის ერთი დოზა მაინც ამ დროისთვის აშშ–ს მოსახლეობის 5.25%–მა მიიღო.

გაკეთებული ვაქცინების რაოდენობით მეორე ადგილზეა ჩინეთი, – 15 მილიონი ვაქცინა 20 იანვრის მდგომარეობით, თუმცა ეს მისი მოსახლეობის იმდენად მცირე პროცენტია, რომ მოსახლეობის პროცენტულ საერთო სტატისტიკაში  ჩინეთი ლიდერებთან ახლოსაც არ არის.

მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი – 6.82 მილიონი დოზა ვაქცინით, რაც მისი მოსახლეობის  9.36%–ის მიერ ვაქცინის ერთი დოზის მიღებას მაინც ნიშნავს.

მეოთხე ადგილზეა ისრაელი – 3.6 მილიონი ვაქცინით, მეხუთეზე  არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 2.49 მილიონი ვაქცინით, თუმცა ეს ორი ქვეყანა აცრილი მოსახლეობის პროცენტის მიხედვით მსოფლიოს ლიდერები არიან.

ისრაელში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 24 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის 29.52%–მა მიიღო, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კი 22.63%–მა.  აცრილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით მესამე ადგილზე დიდი ბრიტანეთია – 9.36%–ით. მეოთხეზე კი ბაჰრეინი, რომელმაც მოსახლეობის 8.47%–ის აცრა მოახერხა. აშშ აცრილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, აქ დანია ლიდერობს, რომელმაც მოსახლეობის 3.15% აცრა, მას მოჰყვება ირლანდია – 2.47%–ით, დაახლოებით ასეთივე მაჩვენებელი (2%–ის ფარგლებში )აქვთ იტალიას და ესპანეთს, გერმანიას – 1.75%, საფრანგეთს – 1.51% შვედეთს -1.45%

თურქეთში ამ დროისთვის მოსახლეობის 1.48 პროცენტია აცრილი, რაც 1.24 მილიონი დოზა ვაქცინის გამოყენებას ნიშნავს. რუსეთში 13 იანვრის მონაცემებით აცრილი იყო 1 მილიონი ადამიანი, თუმცა ეს მისი მოსახლეობის 1%–იც არ არის.

 

რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, 24 იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი მსოფლიოში 5.25 მილიონს შეადგენდა. აქედან 3 მილიონი ამერიკის მოქალაქეა, 1 მილიონი კი ისრაელის. გაერთიანებულ სამეფოში სრულად აცრილი 469 000 მოქალაქე ყავთ, არაბეთის გაერთიანებულ საემიროში კი 250 000. დანარჩენ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა.

ამ დროისთვის ვაქცინაცია სულ 60 ქვეყანაშია დაწყებული. მათი უმეტესობა Pfizer/BioNTech და  Moderna,–ს ვაქცინებს იყენებს. თურქეთი ამ ეტაპზე ჩინური Sinopharm –ით იცრება, რუსეთი მისივე წარმოებული   Sputnik V–ით. რუსული ვაქცინა ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა არგენტინაშიც.   მას იყენებენ სერბეთშიც, თუმცა სერბეთში პარალელურად   Pfizer/BioNTech–ის და  Sinopharm–ის ვაქცინაც გამოიყენება.

ინდოეთი მისივე წარმოებით Covaxin–ს და  Covishield–ს იყენებს. ბრაზილია ჩინურ Sinovac–ს. თავად ჩინეთი მისივე წარმოების ორ ვაქცინას – CNBG–ს და  Sinovac–ს.

 

დასავლეთ ევროპის ქვეყნები  Pfizer/BioNTech–ს და  Moderna–ს ვაქცინებს იყენებენ, ისევე როგორც ამერიკა. ჯერჯერობით Oxford/AstraZeneca–ს ვაქცინა ევროპაში მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამოიყენება.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების მიერ წარმოებული კორონავირუსის ცხრა ვაქცინა გამოიყენება:

აშშ–გერმანია

Pfizer/BioNTech

აშშ

Moderna

დიდი ბრიტანეთი

Oxford/AstraZeneca,

რუსეთი

Sputnik V

ჩინეთი

Sinopharm

Sinovac

CNBG

ინდოეთი

Covaxin,

Covishield