რამდენი “კადიროველი” დაიღუპა უკრაინაში – სადაზვერვო ინფორმაცია

უკრაინის სადაზვერვო სამსახური აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან 2500-მდე მებრძოლი მონაწილეობდა, რომელთაგან ასამდე დაიღუპა, სამასამდე დაიჭრა და სამოცზე მეტი უკრაინიდან გაიქცა.

დაზვერვის ცნობით, მათი მთავარი ამოცანა კი იყო უკრაინელების დაშინება და გენოციდი, ისინი ჩხრეკდნენ სახლებს, შეურაცხყოფდნენ მძევლებსა და სამოქალაქო პირებს, ასევე, დაკავებული იყვნენ ძარცვით.

“მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის ჯარების პირველი ფართომასშტაბიანი დანაკარგები, კადიროველებს უბრძანეს, შეეჩერებინათ უკანდახეული ოკუპანტები და დემონსტრაციულად დაეხვრიტათ ისინი, ვინც უარს იტყოდა ბრძოლაზე”,– აცხადებს უწყება.

მისივე ინფორმაციით, უკრაინელი ჯარების წინააღმდეგობის შემდეგ, კადიროველები კიევიდან და ჩერნიგოვიდან ლუგანსკისა და მარიუპოლში გადავიდნენ და TikTok-ების გადაღება დაიწყეს.

უკრაინის დაზვერვა აქვეყნებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ბოევიკების სიას, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის აგრესიაში 2022 წლის მარტსა და მაისში. უწყება მათ შეახსენებს, რომ ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.