რამდენი ოჯახი ისარგებლებს კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათებით

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით – 671 ათასი ოჯახი.

,,იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის გადასახადს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი.

გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება არ აღემატება 200 კუბურ მეტს თვეში, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილის და მაისის თვის დარიცხულ გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი”,- განაცხადა ცქიტიშვილმა პრესკონფერენციაზე

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პაკეტის მოქალაქეებისთვის შეთავაზება მთავრობამ გამოთავისუფლებული 2 მილიარდი ლარიდან შეძლო.

დღეს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა 2 მილიარდი ლარით ეკონომიკას დაეხმარება.