საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად ცნო შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სამთავრობო პროპაგანდისტული არხის POSTV-ს ყოფილი თანამშრომლის სოფიო კაჭარავას საჩივარი, რომელიც აცხადებს რომ შალვა რამიშვილმა სამსახურიდან განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლა.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „POSTV”-ს დირექტორის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სოფიკო კაჭარავა.
განმცხადებლის თქმით, იგი სამსახურიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეორე პრინციპის (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი” – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, სოფია კაჭარავამ 2 კვირის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სამსახურიდან 7-9 მარტის აქციების შემდეგ, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.