თუ ახლა არის რამის დრო, არის პირველ რიგში გულწრფელობის დრო, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არ იქნება არც ერთობა და არც გამარჯვება.ყველა ნორმალური ადამიანი, დღეს შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით, ფაქტია; პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა, არა პროცესში პროცესისთვის, აქციაში აქციისათვის, არამედ შედეგისათვის.

ვამბობდი და ვამბობ რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და პასუხად ვისმენდი რა დროს ეგაა, მიშაა სასწრაფოდ ციხიდან გამოსაყვანი, დღეები არ იცდის და საათებს აქვს მნიშვნელობაო.

შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ პროცესის გაწელვა, პარტიის გახლეჩვა და დასუსტება, ფიზიკურად პარტიის წინახაზის მებრძოლებისაგან დაცლა;

რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? ვოლიდან ვოლზე სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ, (აქციისთვის და არა შედეგისთვის – რაც არასდროს გამიკეთებია), ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე.

ამასობაში საპარლამენტო სიას წერენ და თავის ადგილს ეძებენ ოცნების მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური „ოპოზიციონერობისათვის“. ამასობაში მოვა პარასკევი და გაიშლება პარტიის ლიდერშიფი კომედიურ ტვ შოუებში; აი ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ.
მაქვს კონკრეტული კითხვა:
მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, იმ ჯგუფთან რომელიც საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის სასახლესთან ატარებდა….

ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას?
ფორმალური რეპლიკები თქვენ რა გააკეთეთ – არ მიიღება, ბევრი რამ და მთავარი – ტყუილი არ მიკადრებია არც ხალხისთვის და პირველ რიგში არც პატიმრისთვის.

ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე