ჯორჯ ფლოიდის ძმებმა დემონსტრანტებს ემოციური სიტყვით მიმართეს. ტერენს ფლოიდი აცხადებს, რომ არეულობის მოწყობის ნაცვლად, ისინი მშვიდად უნდა იყვნენ, რადგან ეს მათ ძმას ვერ გაუცოცხლებს.
„მივმართავ მათ, ვინც არეულობას თესავს: რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს! გთხოვთ დამშვიდდეთ, როგორც ჩემი ძმა გთხოვდათ ამ ყველაფერს რომ ხედავდეს. მშვიდობა. მშვიდობიანი პროტესტი – ეს საუკეთესო ვარიანტია, რითაც სამართლიანობის მიღწევას შევძლებთ!“ – განაცხადა ტერენს ფლოიდი.
ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.
დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.