რას ედავება “კაწროს” ცოლი, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას – ეთიკის ქარტიის განცხადება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მთავარი არხის დირექტორის და წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად კაწროს ცოლი, ნათია რუხაია ჩივის.

ქარტიის ინფორმაციით, განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით დაზუსტდა და ბილანიშვილი ნათია რუხაიამ შეცვალა.

“‘საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ნათია რუხაიას განცხადება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. მხარე სადავოდ ხდის 2020 წლის 07 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი – ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე – დადასტურებული წყარო;
  • მეთერთმეტე – ფაქტის განზრახ დამახინჯება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები”,– წერია ქარტიის განცხადებაში.

ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, ტელეარხმა “კაწროს” და მისი ოჯახის რეპუტაცია შელახა, ამიტომ შესაძლოა უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

ცნობისთვის, მთავარი არხი პირველი იყო, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ შაქარაშვილის საქმეში არსებულ კადრებში, დიდუბის ტერიტორიაზე მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს “კაწრო” ესაუბრა.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ავთანდილ ბილანიშვილი. შსს აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა.