ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს. ამ მექანიზმის ფარგლებში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტების მისია ჩამოვა.
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ “სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ” ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
ეს მექანიზმი გამოყენებული ყოფილა ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა – რუსეთი, თურქმენეთი, ბელარუსი. 1990 წლიდან ეს მექანიზმი მეჩვიდმეტედ გააქტიურდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე განმარტავს, რას ნიშნავს ეუთოს მიერ “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედება:
“მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად საერთაშორისო აქტორების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია უკვე ძალიან მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგში (რუსეთის, ბელორუსი) ხდება.
უფრო ზუსტად, მოსკოვის მექანიზმი არის ეუთოს (OSCE) ადამიანის განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტი, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და შეშფოთებას იწვევს. ის წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ სიგნალს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად ირღვევა, შიდა და ტრადიციული მონიტორინგისა და ანგარიშალდებულების მექანიზმები არ ყოფნის კრიზისს და საჭიროებს გადაუდებელ საერთაშორისო ჩარევას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმის გამოყენებას არ სჭირდება ხელისუფლების თანხმობა, რაც თავისთავად მიუთითებს საერთაშორისო ნდობის სერიოზულ დეფიციტზე.
ცხადია, ეს მექანიზმი საბოლოოდ გააძლიერებს მონიტორინგს და ზედამხედველობს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და რაც ყველაზე მნიშნელოვანია ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ მიღებული დასკვნები გავლენას მოახდენს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ოფიციალურ ხედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სფეროში”, – წერს ის Facebook-ზე
მექანიზმის გააქტიურების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) ეუთოში შვედეთის წარმომადგენელმა, ანა ვრანმა 24 ქვეყნის სახელით მიმართა:
“ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფო, საქართველომ იკისრა ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. საქართველომ ასევე აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა არის აუცილებელი ფაქტორი მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რაც საჭიროა სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის.
2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთების გამოსახატად და დამატებითი ინფორმაციის მოსათხოვად ეუთოს ვენის მექანიზმი აამოქმედა. ჩვენი დელეგაციები, ისევე როგორც სხვა დელეგაციები, არაერთხელ აყენებდნენ ამ საკითხებს მუდმივ საბჭოში, ვინაიდან გვჯერა, რომ საბჭო წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და კონსულტაციების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს.
თუმცა, ჩვენი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის [უფლებების] განზომილების სფეროში საერთო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაიზარდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მონაწილე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებების სფეროში ვალდებულებების შესრულების თანამშრომლობითი განხილვის შესახებ და განსაკუთრებით ასტანაში მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღებული შეთანხმების გახსენებით, რომლის მიხედვითაც “ადამიანის უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებები წარმოადგენს ყველა წევრი სახელმწიფოს პირდაპირ და ლეგიტიმურ ინტერესს”, ჩვენ ვეყრდნობით 1991 წლის მოსკოვის კონფერენციის დოკუმენტის მე-12 პუნქტს, რათა შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად, განსაკუთრებული ყურადღებით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე.
[…]
ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პასუხს 2024 წლის ვენის მექანიზმის ფარგლებში დასმულ კითხვებზე და მოვუწოდებთ საქართველოს ითანამშრომლოს მისიასთან და მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მის საქმიანობას. მსგავსი ჩართულობა წარმოაჩენდა კეთილ ნებასა და კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის მზადყოფნას. გახსენებთ, რომ მოსკოვის დოკუმენტის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მისიის საქართველოს შეუძლია მისიის ერთი წევრი შეარჩიოს ადამიანის [უფლებების] განზომილების მექანიზმის ექსპერტთა სიიდან, რომელსაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აწარმოებს.
მისიის ორგანიზების საკითხებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს”.















