რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხორცის და კვერცხის შეძენისას – სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.

ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ:

• შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 2-დან 6-გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია :

  • იმ ქვეყნის დასახელება, სადაც მდებარეობს სასაკლაო;
  • იმ სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი;
  • ხორცის დამზადების თარიღი და საათი.
  • თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო”), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
  • თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
  • სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი;
  • ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ხორცი ინახება.

სეს-ს ცნობით, კვერცხის შეძენისას, მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და წარმოების თარიღის შესახებ.

“გაითვალისწინეთ – ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია”, – ამბობენ სააგენტოში.