მემორანდუმის გაფორმება სისულელე და მორიგი არასერიოზული განცხადებაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
„კოდექსში კვლავ დარჩა მოსყიდვის, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობები, „შავი ფული“. რაც შეეხება ე.წ. 25 – მეტრიან რადიუსს, ეს არის ცინიკური ჩანაწერი, სადაც არის ნორმა, რომ 25 – მეტრიან რადიუსში ფიზიკურად არ შეიძლება შეეხოს ვიღაც ამომრჩეველს, მაშინ 80 მეტრის მანძილზე შეუძლია ამომრჩეველი გააჩეროს კრიმინალმა ან კოორდინატორმა? უაზრო ჩანაწერია. მემორანდუმის გაფორმება სისულელე და მორიგი არასერიოზული განცხადებაა. რას უნდა მოვაწეროთ ხელი – 25 მეტრში ამომრჩეველზე ძალადობა არ უნდა მოხდეს და 26 მეტრიდან შეიძლება? ეს ხომ სისულელეა. ასეთი არასერიოზული განცხადებებით რატომ გამოდიან, მიკვირს. კიდევ ერთხელ დასაცინი ხდებიან,”- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ იყოს სპეკულაციების საშუალება, მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიები აიღებენ რადიუსის დაცვის ვალდებულებას და საარჩევნო უბნებთან აქტივისტები არ ეყოლებათ.