უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნას სთავაზობს. მისი თქმით, ბიუჯეტი ამ გზით დიდ შემოსავალს მიიღებს.
„ჩვენ ვამბობდთ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და ჩვენი რესურსი უნდა ავითვისოთ მაღალ დონეზე. ჩვენ გვაქვს ვეებერთელა, მთელ მსოფლიოში გამორჩეული რესურსი – სასმელი წყალი. ამ რესურსის კაპიტალიზაცია და საქმეში ჩაყენება დასაქმების მიმართულებითაც გამოადგება ქვეყანას და ინტელექტუალ მეცნიერთა დიდი ნაწილი მზად არის თქვენთან, მთელ მთავრობასთან ურთიერთობისთვის და რას ფიქრობთ სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე?
მისი რეალიზაციის გზით, ძალიან კარგ პლატფორმას შექმნის, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ბიუჯეტმა დიდი შემოსავლები მიიღოს. ეს ყველაფერი კარგად იქნება რეალიზებული სოციალურ სფეროში“, – ჰკითხა ლადო კახაძემ გახარიას.
გახარიამ უპასუხა, რომ თუ ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდა, ექსპორტზე გატანას კი არა, მოქალაქეების მომარაგებასაც ვერ შეძლებენ.
“უამრავი სოფლებია საქართველოში, მათ შორის დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთს რომ თავი დავანებოთ, სადაც ნორმალურ სასმელ წყალზე წვდომა პრობლემაა. ჩვენ თუ უახლოეს წლებში ამ პრობლემის მოგვარება არ დავიწყეთ, წყლის ექსპორტი კი არა, ჩვენ თვითონ ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგება გაგვიხდება პრობლემა”, – განაცხადა გახარიამ.
დღეს ქართული ოცნების ფრაქციის წევრები გიორგი გახარიას უსმენენ.