პუტინის ყოფილი მთავარი ეკონომიკური მრჩეველი და ამჟამად ვაშინგტონში კატონის ინსტიტუტის ექსპერტი, ანდრეი ილარიონოვი BBC-თან ინტერვიუში საუბრობს, რას შეუძლია შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინაში.
ის ვარაუდობს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან რუსულ ენერგიაზე “ნამდვილმა ემბარგომ“ შეიძლება ომი შეაჩეროს.
ანდრეი ილარიონოვმა თქვა, რომ რუსეთი “სერიოზულად არ იღებს“ საფრთხეს, რომ ქვეყნები მათზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებენ, რადგან ევროპა ამჟამადაც აგრძელებს რუსეთისგან ნავთობისა და გაზის ყიდვას.
BBC-ის ცნობით, გასულ წელს, ენერგორესურსების გაძვირების გამო, ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა დაფარა რუსეთის მთავრობის ხარჯების 36%, შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ ევროკავშირზე მოდის. ის თავისი გაზის დაახლოებით 40%-ს და ნავთობის 27%-ს რუსეთიდან ყიდულობს.
პუტინის ყოფილი მრჩეველი აცხადებს: “თუ დასავლეთის ქვეყნები შეეცდებიან, რეალური ემბარგო დააწესონ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე… მე დავდებდი ფსონს, რომ რუსეთის სამხედრო ქმედება უკრაინაში, სავარაუდოდ, ერთ-ორ თვეში შეჩერდება”.
“ეს არის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს ჯერ კიდევ აქვთ“, – აღნიშნა მან.
ილარიონოვის აზრით, პრეზიდენტი პუტინი მზად იყო ეკონომიკაზე დარტყმისთვის, რაც მის პრიორიტეტებს წარმოაჩენს.
”მისი ტერიტორიული ამბიციები, მისი იმპერიული ამბიციები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი, მათ შორის რუსეთის მოსახლეობის საარსებო საშუალებები და ფინანსური მდგომარეობა ქვეყანაში… და მისი მთავრობის ფინანსური მდგომარეობაც კი”, – თქვა რუსეთის ყოფილმა ოფიციალურმა პირმა.