რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს – ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, იუსტიციის მინისტრმა და პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებით სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

“რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს, არა მხოლოდ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, არა მხოლოდ პატიმრობის კოდექსი, მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. მათ თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენო ადამიანის პერსონალური მონაცემები და გაავრცელო კადრები იმისთვის, რომ მოახდინო მოშიმშილე პატიმრის დისკრედიტაცია – ეს არის დანაშაული”,– ამბობს ბასილაია.

მისი განმარტებით, რასაც ექსპრეზიდენტი იღებდა, დოკუმენტაციის მიხედვით სამკურნალო პრეპარატია.

“რეალურად, 30 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან მედიკამენტების მიღება დამატებით საფრთხეს უქმნიდა მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მოხდა ამ საშუალებების გამოყენება სასიცოცხლო ფუნქციების მინიმალურ დონეზე შესანარჩუნებლად. ეს არის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, როგორც სამკურნალო პრეპარატი და არა როგორც საკვები საშუალება”,– აღნიშნავს ბასილაია.

ცნობისთვის, გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იღებს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო ოთახში გარკვეულ დანამატებს. უწყება ირწმუნება, რომ სააკაშვილი “საკვებს იღებს”. სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.