პრემიერ–მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რატომ არის უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო, ხოლო უცხოეული ვიზიტორებისთვის – არა.
ჩიქოვანის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ტურისტები კორონავირუსის გავრცელების ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან მათ საქართველოს მოქალაქესთან შედარებით გაცილებით ნაკლები საკონტაქტო წრე ჰყავთ.
“ჩვენ თუ შევაფასებთ ვითარებას, რეალურად, უცხოური ვიზიტორისთვის გაცილებით უფრო ნაკლებია იმ პირთა წრე, რომელთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ფართოა და შესაბამისად, გაცილებით უფრო ინტენსიურია, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ამაზე ეპიდემიოლოგები უკეთეს პასუხს გაგცემენ. ამიტომ საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების და ამ რეგულაციების მიღება”,– აცხადებს ჩიქოვანი რუსთავი 2–ის ეთერში.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არა დისკრიმინაცია, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
“მოდით ხაზგასმით გეტყვით იმას, რომ აქ საუბარი უთანასწორობაზე არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ გერმანიის მოქალაქეებზე და რეზიდენტებზეცაა საუბარი ერთის მხრივ. არა, ეს არ არის დიკსრიმინაციული მიდგომა და არათანაბარი მიდგომა. 5 სახელმწიფოზე რომელსაც ვუხსნით, ვსაუბრობთ, როგორც მოქალაქეებზე, ასევე, რეზიდენტებზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პანდემიის პირობებში არის უფრო მეტი სიფრთხილე საჭირო. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ უფრო მეტი უსაფართხოებისთვის უზრუნველყოვთ ისინი 14-დღიანი კარანტინით”, — განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ მაშინაც, თუ ევროპის იმ 5 ქვეყნიდან შემოდიან, რომელსაც საზღვრები საქართველომ უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები 2–კვირიან კარანტინს არ გაივლიან.