რატომ არის რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად – ინფექციონისტის პასუხი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხს სცემს იმ კითხვას, რომელსაც მსოფლიოს არაერთი მედიასაშუალება და ექსპერტი სვამს:

რატომ არის რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა რაოდენობა ძალიან მაღალია?

“რუსეთში COVID სიკვდილობის მაჩვენებელი არის 0.9%, მაშინ როდესაც აშშ-ში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 6-10%-ს აღწევს.

საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყნები კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილობის სტატისტიკის რეგისტრაციის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 16 აპრილს გამოაქვეყნა კოვიდის სიკვდილობის აღრიცხვის მეთოდოლოგია, თუმცა ეს გარკვეულად დაგვიანებულია, რადგან ქვეყნები უკვე საკუთარი შეხედულებისამებრ ახდენენ რეგისტრაციას და ბევრ ქვეყანაში სიკვდილობის მაჩვენებელმა უკვე შემცირებაც დაიწყო.

გამოცემა The Moscow Times აკეთებს საინტერესო ანალიზს რუსეთში კოვიდით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებლების მიზეზების შესახებ.

რუსეთში გარდაცვლილთა დაახლოებით 70%-ის აუტოფსია („გაკვეთა“) ტარდება, მაშინ როდესაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საშუალოდ, მხოლოდ 10%-ის. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით, კოვიდით გარდაცვლილად რეგისტრირდება მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც აუტოფსიით დგინდება ამ დაავადების შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები (მაგალითად, ფილტვის დაზიანება), ხოლო ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში, თითქმის ყველა სიკვდილის შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილს ჰქონდა დადასტურებული კორონავირუსი, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდ ასოცირებული სიკვდილი.

უფრო მეტიც, მაგალითად, ბელგია (რომელსაც, სხვათა შორის, მილიონ მოსახლეზე გადათვლით კოვიდ სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში და რატომღაც უფრო მეტად იტალია, ესპანეთი და აშშ სახელდება სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლების ქვეყნებად), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში კოვიდზე საეჭვო გარდაცვლილებს, თუნდაც არ იყოს ლაბორატორიულად დადასტურებული, თვლის კოვიდის სიკვდილობის სტატისტიკაში. მაშინ როდესაც რუსეთში, თუნდაც შესაბამისი პათანატომიური ცვლილების დროს, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ იყო კორონავირუსი, შემთხვევა არ ჩაითვლება კოვიდ სიკვდილობის სტატისტიკაში.

მაგალითად, ჩელიაბინსკში გადათვალეს სიკვდილობის მაჩვენებელი ევროპის ქვეყნების მეთოდის შესაბამისად და გაიზარდა 233%-ით.

თუ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება სტატისტიკური აღრიცხვის ამ მეთოდის შეცვლის შესახებ, მკვეთრად მოიმატებს კოვიდ სიკვდილობის მაჩვენებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.“– ამბობს მაია ბუწაშვილი.