“რატომ არ ადარდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კადიროვი მისი მოქალაქის მოკვლას ცდილობდა “– ამერიკული გამოცემა

“რატომ არ ადარდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კადიროვი მისი მოქალაქის მოკვლას ცდილობდა “– ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Washington Examiner სტატიას გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის საქმეზე. გამოცემის ავტორი, ტომ როგანი ხშირად წერს საქართველოს თემაზე და კრიტიკულია ოცნების ხელისუფლების და ივანიშვილის მიმართ. ის თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების შემრიგებლური და მორჩილი პოზიცია რუსეთის მიმართ აგრესორს მხოლოდ ახალისებს:

გთავაზობთ სტატიას სრულად:

შეიძლება იფიქროთ, რომ დემოკრატიული მთავრობა ძალიან განაწყენდება, თუ გაიგებს რომ უცხოელი მოწინააღმდეგე მისი ერთ–ერთი გამოჩენილი ჟურნალისტის მკვლელობას ამზადებს.

თუმცა, როგორც ჩანს არა საქართველოში.

საკმაოდ სარწმუნო ბრალდების მიუხედავად, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დამრტყმელ ჯგუფს ამზადებდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მოსამზადებლად, საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა.

კადიროვი გაბუნას წარსულში ემუქრებოდა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივლისში ის გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოვიდა. ამ კვირას საქართველოს უშიშროების სამსახურმა დაადასტურა, რომ დააკავა რუსეთის მოქალაქე მკვლელობის მზადების საქმესთან დაკავშირებით. ქართულმა მედიამ ამ ადამიანის ვინაობა დაადასტურა, ასევე ის, რომ ის მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინამ ქართულ მხარეს მიაწოდა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც კადიროვის ბრძანების შედეგად ჟურნალისტის სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებდა.

თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლება დიდად არ შეშფოთებულა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ მისი პასუხისმგებლობაა არაფერი გააკეთოს.

“მე პრეზიდენტი ვარ. მე არ მაქვს უფლება სხვა ქვეყნები დავადანაშაულო, სანამ არ ვიცით რა მოხდა.. ძალიან ბევრი საეჭვო კითხვაა“.. თქვა მან. ამ სისულელეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვარაუდებიც დაემატა, რომ ეს შეიძლება ოპოზიციური პარტიების შეთქმულება იყოს.

თუ ეს პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მათი მორჩილი პოზიციები კადიროვის (და მისი დამხმარე პუტინის) მადლიერებას გამოიწვევს, ძალიან ცდებიან. კადიროვი, როგორც მოსალოდნელი იყო თბილისის მშვიდობისმოყვარე დამოკიდებულებას არ იზიარებს.

ტელეგრამზე ჩეჩნეთის ლიდერმა გაბუნიასადმი მუქარა გააძლიერა. “დამიჯერეთ ბატონებო, თუ ვინმე ჩემი ინსტრუქციით მოქმედებს, ის მას ასრულებს და თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, ვერავინ ვერასოდეს ამის შესახებ ვერ გაიგებს, მითუმეტეს თქვენი ქვეყნები, რომლებიც ღრმა სტაგნაციაში არიან“– თქვა განგსტერმა მხედართმთავარმა.

აქ ჩვენ ვხედავთ ამაყ მრისხანებას იმის გამო, რომ მისი შეთქმულება ჩაიშალა. ამას კი შურისძიების დაპირება მოსდევს:

“ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და შესაბამისად, პირადად მე. გიორგი გაბუნია ჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს მომხდარის გამო. მან ერთი ადამიანი კი არა, ყველა რუსი შეურაცხყო. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას ზომები მიიღოს ამ მოქალაქის აღსაზრდელად. ვურჩევ მას სწორი დასკვნები გააკეთოს და საკუთარი აზრები წესრიგში მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, რომ ის ჩემს მტრად დარჩება.“

თარგმანი: გაბუნია უნდა შეევედროს კადიროვს რომ სიცოცხლე შეუნარჩუნოს, ან სიკვდილს დაელოდოს.

თუმცა ტელეგრამზე კადიროვს მიზანში მხოლოდ გაბუნია და საქართველო არ ამოუღია. ჩეჩენმა კატების მოყვარულმა უკრაინაც გააკრიტიკა, რომელმაც, როგორც ითვლება საქართველო მკვლელობის დაგეგმვის შესახებ გააფრთხილა.

“რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელმაც თითქოს ინფორმაცია გადასცა მკვლელობის შეკვეთის შესახებ, მინდა გირჩიოთ მომავალში უფრო სერიოზულად მოიქცეთ და არა პუბლიკის გასართობად. ასეთი ამბები მტკიცებულებით მაინც გაავრცელეთ. სხვათა შორის, თქვენ ჩემი პიარი გმართებთ. დაიმახსოვრეთ! დრო მოვა, ანგარიშს წარმოგიდგენთ. რაც არ უნდა მოხდეს!“

კადიროვი თავმდაბლობით ნამდვილად არ გამოირჩევა.

და საქმის ვითარებაც ძალიან სამწუხაროა. მკვლელისთვის დათმობებით საქართველო მხოლოდ ახალისებს შემდგომ აგრესიას ამ მკვლელისგან და პუტინისგან. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს შემგუებლური პოზიცია მინიმუმ არცთუ ჭკვიანურია. ერთადერთი ენა, რომელიც კადიროვს ესმის სიმტკიცეა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით აშშ–ს კონგრესმა აქ ფაქტები უნდა დაადგინოს. თუ მართლაც დამტკიცდა, რომ კადიროვმა მკვლელობა შეუკვეთა, კონგრესმა ჩეჩნეთის ლიდერს მეორადი სანქციები უნდა დაადოს.