რატომ არ დაუჯერეს დაზვერვას, რომელიც ცდილობდა მსოფლიო უკრაინაში ომის შესახებ გაეფრთხილებინა

როგორც წესი, დაზვერვის სამსახურები ამჯობინებენ საკუთარი მუშაობის შედეგები არ გაასაჯაროვონ, თუმცა  უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამზადისმა დადგენილი წესები შეცვალა. დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღეს და საიდუმლო მონაცემები გაასაჯაროვეს.

ბიბისი–ს კორესპონდენტი უსაფრთხოების საკითხებში,  გორდონ კორერა დასავლური დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, როგორ მიმდინარეობდა პროცესი უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.

მისი თქმით, თებერვალში დაზვერვის თანამშრომლები ცდილობდნენ ადრე დაეძინათ. მათ ნანახი ქონდათ სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მეტყველებდა, რომ იგეგმებოდა ომი, და მათ კარგად იცოდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში გამთენიისას შეიჭრებოდა.

როდესაც 24 თებერვალს ეს პროგნოზები გამართლდა, მომხდარი მაინც არარეალურად ჩანდა, იხსენებს ერთ–ერთი მათგანი: “მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ეს მართლაც ხდებოდა, სანამ ერთ დილით არ გავიღვიძე და რადიო არ ჩავრთე.“

მანამდე დასავლური დაზვერვები თვეების მანძილზე განგაშის ზარს რეკდნენ.

“იმ დღეს ხალხი, რომელიც ადრე გვეკითხებოდა “რატომ თესთ პანიკას?“ გადავიდა ახალ კითხვაზე – “რატომ არ ატეხეთ საკმარისად ძლიერი პანიკა?“- ამბობს დასავლური სპეცსამსახურების ერთ–ერთი წარმომადგენელი.

კიდევ ერთი თანამშრომელი დასძენს, რომ საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მზვერავებს ამ შემთხვევაში სულაც არ ახარებდა. თუმცა, მაგრამ მათ ის მაინც იცოდნენ, რომ  სცადეს შეეჩერებინათ, რომლის მაშტაბებზეც ყველას თვეების მანძილზე აფრთხილებდნენ.

ომის დაწყებამდე, და მისი დაწყებიდან რამდენიმე კვირის მანძილზე ამერიკული და ბრიტანული დაზვერვები აქვეყნებდნენ მათ ყველაზე საიდუმლო მონაცემებს. ათწლეულობის განმავლობაში სპეცსამსახურები ცდილობდნენ მოპოვებული ინფორმაცია მხოლოდ ადამიანების ძალიან შეზღუდული წრისთვის გაეცნოთ, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მომხდარის შესახებ მთელ მსოფლიოს გაეგო. ეს არა მხოლოდ დასავლური სპეცსამსახურების მუშაობაში უდიდეს ცვლილებას, არამედ იმასაც ნიშნავდა, რომ მათ ერაყში შეჭრასთან დაკავშირებულ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით უწევდათ მუშაობა.

პირველი საგანგაშო სიგნალები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოჩნდა, როცა თანამგზავრის სურათებმა აჩვენა რუსული ჯარების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან ახლოს. მაშინ ანალიტიკოსები ვერ ხვდებოდნენ მოსკოვის რეალურ განზრახვებს. თუმცა, 2021 წლის შუა პეროდში ყველაფერი შეიცვალა.

“ზაფხულში დავინახეთ, რომ რუსეთის უმაღლესი სამხედრო მეთაურობა სხვა ქვეყანაში სრულმაშტაბიან სამხედრო შეჭრას გეგმავდა“– უყვება ბიბისი–ს დასავლური დაზვერვის წარმომადგენელი.

როგორც ირკვევა, სადაზვერვო მონაცემების მოპოვებას და ანალიზს აშშ და დიდი ბრიტანეთი ერთობლივად ახორციელებდნენ. როგორც დაზვერვის წარმომადგენლები ხუმრობენ, ეს იყო ერთგვარი “ოჯახური ოპერაცია.“არ ყოფილა კონკრეტული მომენტი, როცა რუსეთის განზრახვა უცებ გაცხადდა. უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ რუსეთის განზრახვების რეალური სურათი თანდათან უფრო მკაფიო ხდებოდა. როგორც ჩანს, პუტინი დარწმუნებული იყო: უკრაინის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად აუცილებელი იყო სწრაფად და ძალის გამოყენებით მოქმედება. “მას ეჩვენებოდა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურებოდა“– ამბობს ბიბისი–ს წყარო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ოპერაციაში.

შემოდგომისთვის ვაშინგტონში გადაწყვიტეს რამე მოემექმედებინათ იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვიდან იღებდნენ.

საყურადღებო მომენტი იყო ნოემბრის დასაწყისში დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის, უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში. მან კრემლი გააფრთხილა, რომ ამერიკელებისთვის ცნობილი იყო რუსეთის გეგმების შესახებ. ვიზიტი საიდუმლო არ ყოფილა. ერთ–ერთი წყაროს თქმით, ზოგიერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა მაშინ პირველად, აშშ–ს მთავარი მზვერავისგან გაიგო, რომ მათი ქვეყანა შეიძლება უკრაინას დაესხას თავს.

სადაზვერვო თანამეგობრობის შემდგომი ნაბიჯი იყო საიდუმლო ინფორმაციის ნაწილის გამოქვეყნება.

“დადგა საკითხი: რა აზრი აქვს ამ ყველაფრის ცოდნას, თუ არანაირად გამოვიყენებთ ამ ცოდნას“– ამბობს ბიბისი–სთან საუბრისას დასავლური დაზვერვის წარმომადგენელი ანონიმურობის დაცვის პირობით.

ექპერტები, რომლებიც მონაცემებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნაზე მუშაობენ, დღე და ღამე მუშაობდნენ, რათა რისკები შეეფასებინათ და გადაეწყვიტათ, რისი გასაჯაროება შეიძლებოდა.

უპირატესობა მიენიჭა მტკიცებულებების სახით კომერციული თანამგზავრული ფოტოების გამოქვეყნებას. დეკემბრის დასაწყისში გაზეთმა Washington Post არსებული ინფორმაციის საფუძველზე მკითხვებს უამბოო უკრაინაში შეჭრის რუსული გეგმის შესახებ.

ინფორმაციამ, მიუხედავად იმისა რომ სამთავრობო კავშირის ცენტრ GCHQ–ის და ბრიტანეთის დაზვერვის, MI6–ის მონაცემებს ეყრდნობოდა, უნდობლობა გამოიწვია. მთავარი პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ არავის ჯეროდა 21–ე საუკუნის ევროპაში მსგავსი ომის შესაძლებლობის. უნდა ითქვას, რომ MI6–ის ინფორმაციას თავიდან ბრიტანეთის ხელისუფლებაც უნდობლობით ეკიდებოდა.

მხოლოდ წლის ბოლოს, როცა დაზვერვის გაერთიანებულმა კომიტეტმა ყველა არსებული მონაცემის საფუძველზე დაასკვნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ალბათობა ძალიან მაღალი იყო, ადამიანებმა სიტუაციის სერიოზულობის გაცნობიერება დაიწყეს.

სიფრთხილეს, რომლითაც ყველა ინფორმაცია მოწმდებოდა,  შეიძლება ერაყული გაკვეთილების შედეგი დავარქვათ. თითქმის ორი ათწლეულის წინ სწორედ დაზვერვის ინფორმაციას მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ, დაეყრდნო ერაყში შეჭრის ოპერაცია. 2003 წელს პოლიტიზებაში ბრალდებების ფონზე ამერიკელი და ბრიტანელი მზვერავების რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მონაცემები მცდარი იყო.

მას შემდეგ ერაყის აჩრდილი სადაზვერვო მონაცემების გასაჯაროების შესახებ ყველა დისკუსიას თან ახლდა. უკრაინამ სპეცსამსახურების თანამშრომლებს მისცა შანსი, ეს მემკვიდრეობა წარსულში დაეტოვებინათ. შემოიღეს ახალი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის მკაცრ ანალიზს და მისი გასაჯაროების შესაძლებლობას.

სამხედრო შეჭრის მზადების შესახებ აშშ–მ და ბრიტანეთმა მოკავშირეებსაც მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა ბევრი მათგანი მას სკეპტიკურად შეხვდა. დაზვერვის ერთ–ერთი თანამშრომლის თქმით, უნდობლობის დაძლევა ხშირად ძნელი იყო, რადგან ინფორმაციის წყარო საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.

გარდა ამისა, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ რუსეთს სპეციალურად უნდოდა დასავლეთის შეცდომაში შეყვანა და საკუთარ სამხედრო პოტენციალს ამიტომ ზრდიდა. პროცესს ართულებდა ერაყის ოპერაციის შემდეგ აშშ–ს და ბრიტანეთის დაზვერვებისადმი ფრთხილი დამოკიდებულებაც. უკვე ომის დაწყების შემდეგ საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენეს შემდეგი ფორმულირებით: „ხელმძღვანელობის არასაკმარისი ინფორმირებისა და თემატიკის ღრმა ცოდნის არქონის გამო“.

დაზვერვის სიფრთხილე მასალების გამოქვეყნებისას იმას უკავშირდება, რომ თუ ამის შედეგად მოწინააღმდეგე წყაროს გაშიფრავს, ინფორმაციის გაჟონვა აღარ მოხდება. თუმცა, ერაყის შემდეგ იყო სხვა შემთხვევებიც, როცა სადაზვერვო მონაცემები გასაჯაროვდა – მაგალითად სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, თუმცა ეს არასოდეს მომხდარა იმ მაშტაბებით, რაც უკრაინაში ომის შემთხვევაში ხდება.

გასაჯაროებულ დოკუმენტებს შორის იყო ინფორმაცია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა გაავრცელა – კრემლის გეგმები კიევში მარიონეტული მთავრობის შემადგენლობაში კონკრეტული პირების შეყვანის შესახებ. ასევე ვაშინგტონის მონაცემები კრემლის გეგმებზე, რომელიც ომის საბაბის ინსცენირებას აპირებდა.

ამერიკული და ბრიტანული დაზვერვები თვლიდნენ, რომ ამ მასალების გამოქვეყნება მოსკოვს მოუსპობდა უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას თავდაცვის აუცილებლობის საბაბით.

დაზვერვის ერთ–ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ არასოდეს მსგავსი არაფერი უნახავს: ერთ დღეს მის მაგიდაზე იდო მკაცრად გასაიდუმლოებული მასალები, მეორე დღეს კი ისინი ღიად ხელმისაწვდომი იყო.

სამწუხაროდ საიდუმლო ინფორმაციის ასეთი მაშტაბის გასაჯაროებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ვერ შეაჩერა, თუმცა მოსკოვის გეგმები გარკვეულწილად შეცვალა.

სამაგიეროდ, ისინი დაეხმარა დასავლეთს უფრო სწრაფად გარკვეულიყვნენ მიმდინარე პროცესში, ადვილად გაერკვიათ, ვინ იყო აგრესორი და რუსეთის შესაკავებლად ძალები გაეერთიანებინათ, თვლის დაზვერვის თანამშრომელი.

დაზვერვის მონაცემების გამოქვეყნება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც გრძელდებოდა – უკვე საჯარო განცხადებების და ბრიფინგების სახით. ერთი კვირის წინ სამთავრობო კავშირის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პუტინს დღემდე არ აქვს რეალური ინფორმაცია უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესახებ, ასევე გააფრთხილა საზოგადოება ქიმიური იარაღის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების თაობაზე. სადაზვერვო თანამეგობრობაში აცნობიერებენ, რომ შეიქმნა ახალი სიტუაცია, რომლის დროსაც გამოძიება ღია წყაროებზე დაყრდნობით საშუალებას იძლევა ოფიციალური პირების განცხადებების ვერიფიცირება ან დამატებით დადასტურება მოხდეს, საინფორმაციო ომს კი, მათ შორის დაზვერვის მონაცემებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ერთის მხრივ, აშშ–ს და ბრიტანეთის დაზვერვის დასკვნები პრაქტიკულად უშეცდომო იყო: მოხდა რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, ზელენსკის მთავრობის დამხობის და ჩანაცვლების მიზნით.

ანალიტიკოსებმა ასევე სწორად შენიშნეს, რომ მოსკოვმა ვერ გათვალა უკრაინელების რეაქცია რუსული ჯარის შეჭრაზე.

“მათ მართლაც ჯეროდათ, რომ მათ უკრაინელები დროშებით დახვდებოდნენ“– ამბობს ერთ–ერთი დასავლური ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელი.

თუმცა, მეორეს მხრივ, არ გამართლდა დასავლური დაზვერვების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის გამარჯვება ომში რამდენიმე კვირის საქმე იყო: ომი სრულიად სხვაგვარად წავიდა, ვიდრე ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა. რუსული არმია ბევრად უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი თვლიდა, იმ დროს, როცა უკრაინულმა არმიამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.