რატომ არ მოაწერა ირმა ინაშვილმა 8 მარტის შეთანხმებას ხელი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს თუ რატომ არ მოაწერა შეთანხმებას ხელი.

როგორც ირმა ინაშვილი გავრცელებულ ვიდეო-კომენტარში განმარტავს, შეთანხმების მეორე პუნქტი ძალიან ბუნდოვანი იყო და ენმ, ასევე, ევროპული საქართველო მასში უგულავას და სხვების გათავისუფლებას გულისხმობდნენ.

“ელჩების ინციატივით იმართებოდა შეხვედრები საარჩევნო სისტემის თემაზე! ხაზს ვუსვამ: საარჩევნო სისტემის თემაზე! და ამ შეხვედრებს ყველა საპარლამენტო პარტია ესწრებოდა და არამარტო საპარლამენტო. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე ნაცმოძრაობაც და ბოკერიას პარტიაც, ასევე, მათ ირგვლივ გაერთიანებული პარტიები ნამდვილად გადადიოდნენ სხვა საკითხზე. კერძოდ, უგულავას გათავისუფლების საკითხზე და არამარტო უგულავასი. ასევე, ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას. მაგალითად, ბოკერია. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე (ჩემი თანდასწრებით) არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან!

მე ასევე ვადასტურებ, რომ შეხვედრები იყო ჩემს გარეშეც, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩემს გარეშეც. დაბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, ჩემი აზრით, იყო ძალზედ ბუნდოვანი, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას. ამ პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ უგულავას და არამარტო უგულავას გათავისუფლებას და ამას ღიად ამბობდნენ, ხოლო „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს. ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებენ”, – აცხადებს ინაშვილი.