რატომ არ ღირს პანიკა კოვიდის ახალი ვარიანტის გამო–ფაქტები “ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიომ გასული კვირის მეორე ნახევარში შეიტყო, შაბათ–კვირას კი ის უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა ზომებისა, რაც გასაკვირი არ არის.

მეცნიერული მიდგომა მანამდე განხორციელებული დაკვირვებების ანალიზს ეფუძნება, ამიტომაც ყოველთვის ცოტა ჩამორჩება სწრაფად ცვალებად რეალობას. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ინფექციას, რომელიც უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ ვლინდება, ზოგ ადამიანში კი საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

გასული წლის თებერვალში, როცა ჯანმოს ექსპერტებს ჯერ კიდევ ახალი დაავადების აფეთქების ჩინეთის, ან თუნდაც აზიის საზღვრებში შეკავების იმედი ქონდათ, როგორც მოგვიანებით გაირკვა ვირუსი უკვე დიდი ხნის გავრცელებული იყო ევროპასა და ამერიკაში.

ზუსტად ამას ვადევნებთ თვალყურს ახლა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ნიდერლადნში ჩასულ მხოლოდ ბოლო ორ რეისზე უამრავი ინფიცირებული აღმოჩნდა. სულ კი, თვის დასაწყისიდან სამხრეთ აფრიკიდან ევროპაში სამასზე მეტი რეისი ჩავიდა, ანუ დაახლოებით 100 ათასი ადამიანი.

ამიტომაც უნდა გვესმოდეს, რომ საზღვრების დაკეტვას და სხვა შემზღუდავი ზომების გამკაცრების მიზანი მთელ მსოფლიოში არა ვირუსის გავრცელების შეჩერება(რაც შეუძლებელია), არამედ მისი შენელება და დროის მოგებაა, რათა უკეთ გაირკვეს ახალი ვარიანტის თვისებები და დადგინდეს, რამდენად უფრო საშიშია ის წინამორბედებზე, ან საშიშია თუ არა საერთოდ.

ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პანიკა ჯერ საჭირო არ არის. დღეისათვის არ შეიძლება დანამდვილებით ითქვას თუნდაც ის, რომ ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია, რომ აღარაფერი ვთქვათ დაავადების სიმძიმეზე, სიკვდილიანობის დონეზე და სხვა საშინელებებზე, რომლებითაც ტაბლოიდები მკითხველს აშინებენ.

“ომიკრონი“ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მეცნიერებმა ყურადღება მიაქციას სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირების ახალ ტალღას. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ახლადდასმულ დიაგნოზთა რაოდენობამ თითქმის 13–ჯერ მოიმატა –  ყოველდღიურად 275–დან 3700–მდე.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ასეთი აფეთქების მიზეზი ერთდროულად სამი ათეული მუტაცია გახდა ცილის შემადგენლობაში, რომლისგანაც ვირუსის “გვირკვინის ეკლები“ შედგება. სწორედ ისინი ეხმარება ვირუსს ჩვენს უჯრედში შეღწევაში.  თუმცა, ამ ვერსიის ლაბორატორიული დადასტურება ჯერ არ არსებობს. ინფიცირების ახალ ტალღას კი სხვა შესაძლო ახსნაც აქვს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედიც კი არ არის აცრილი, ასე რომ, როგორც ჯანმო აღნიშნავს, არ არის გამორიცხული რომ  ყველაფერი მასობრვი დაინფიცირების რომელიმე ერთეული შემთხვევიდან დაიწყო.

იგივე შეიძლება ითქვას სხვა შიშებზე:  “ომიკრონის“ თითქოსდა მაღალი სიკვდილიანობა, ან ვირუსის უნარი იმუნურ დაცვას გვერდი აუაროს, ჯერჯერობით მეცნიერულად დადასტურებული არ არის და უახლოესი ორი–სამი კვირის მანძილზე ვერც იქნება.

ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ექსპერტების თქმით შეიძლება მეტ–ნაკლები დამაჯერებლობით ვამტკიცოთ ის არის, რომ “ომიკრონი“ შედარებით ადვილად აინფიცირებს ხელმეორედ მათ, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა.

ფრთხილი ოპტიმიზმი

ამავე დროს არსებობს ოპტიმიზმის რამდენიმე მიზეზი.

პირველი: იმის ხარჯზე, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახალი პათოგენების აღმოჩენის კარგი სისტემა და შესანიშნავად აღჭურვილი ლაბორატორიებია, “ომიკრონის“ აღმოჩენა საკმაოდ სწრაფად მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროულად შემოღებული შემზღუდავი ზომები დიდი ალბათობით უკეთ იმუშავებს, ვიდრე ეს ალფას და დელტას შემთხვევაში მოხდა.

მეორე: მაშინაც კი, თუ არსებული ვაქცინები ახალი ვარიანტის წინააღმდეგ არასაკმარისად ეფექტური აღმოჩნდება, რაც ამ ეტაპზე ასევე მხოლოდ ვარაუდებია, იმუნური დაცვა მძიმე ავადობისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ მაინც მაღალი რჩება. ფაიზერის წარმომადგენლებმა ისიც კი თქვეს, რომ 100 დღის შემდეგ ვაქცინის ახალი ვერსიის პირველ პარტიას გამოუშვებენ, რომელიც ახალ ვარიანტთან ადაპტირებული იქნება.

მესამე: წინასწარი მონაცემებით “ომიკრონის“ მიერ გამოწვეული დაავადება ბევრად უფრო ადვილი ფორმებით გადააქვთ პაციენტებს, ვიდრე დელტა ვარიანტით.

როიტერი სამხრეთ აფრიკელ ექიმებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაციენტების ჩივილები ძირითადად მომეტებულ დაღლილობას, თავის და კუნთების ტკივილს უკავშირდება. ყნოსვის და გემოს დაკარგვა ახალი ვარიანტით დაინფიცირებულებს შორის ჯერჯერობით არ გამოვლენილა.

და მთავარი: ახალი ვარიანტით დაინფიცირებულ არცერთ ავადმყოფში არ აღმოუჩენიათ სისხლში ჟანგბადის დონის ვარდნა. ეს კი ნიშნავს, რომ არ არსებობს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით “ომიკრონით“ დაინფიცირებულ პაციენტებს ძირითადად სახლში მკურნალობენ.

ამჟამად სამხრეთ აფრიკაში ახალი ვარიანტით დაინფიცირებულ პაციენტთა უმრავლესობა 40 წლამდე ასაკის არის. ამ ასაკის პაციენტებს კოვიდი ბევრად ადვილად გადააქვთ, ვიდრე ხანდაზმულებს.

ამასთან, ექიმები ცალკე აღნიშნავენ, რომ დაინფიცირებულთაა უმრავლესობა ან საერთოდ არ ყოფილა ვაქცინირებული, ან მხოლოდ ერთი დოზით ვაქცინაცია მოასწრო.