თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განმარტავს, რატომ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა 26-ით. მისი თქმით, 18 შემთხვევა მუშევანის კლასტერიდანაა, სადაც დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები დაიტესტნენ.
ეზუგბაიას განმარტებით, ასეთი ტესტირება 10-14 დღეში ხდება, რაც რამდენიმე დღით შემთხვევების მატებას იწვევს, შემდეგ კი რაოდენობა კვლავ იკლებს.
“26 შემთხვევიდან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. მინდა, განგიმარტოთ აღნიშნული 18 შემთხვევა – იცით, რომ ამ სოფელში კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება.
კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი, აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ ისინი და ასეთი პაციენტები შემოგვემატნენ, როდესაც ბოლნისის წყაროდან მატებაზეა საუბარი. 10-14 დღის განმავლობაში, ერთ-ორი დღე მომატებული ციფრი გვაქვს და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა”,- ამბობს ეზუგბაია.
ექიმი იმედს გამოთქვამს, რომ ყოველი მეთოთხმეტე დღე ასეთი აღარ იქნება და მუშევანში შემთხვევები დასრულდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 783-მდე გაიზარდა, მათგან 605 განკურნებულია, 12 – გარდაიცვალა.