ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორი თამარ ბახტაძე აცხადებს, რომ ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილ 12 წლის გოგონას თანმდევი ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
მისი ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმედ შეფასდა და სპეციალურ კლინიკაში რეფერირებისას მდგომარეობა უფრო დამძიმდა.
„ჩვენი კლინიკის მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო.
კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ქრონიკული მძიმე დაავადების გამო დიალიზის ჩატარება ესაჭიროებოდა. დარღვეული იყო კლინიკო–ლაბორატორიული პარამეტრები“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე ინფორმაციით, პაციენტის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაწყდა, თუმცა, ტრანსპორტირებისას ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.
„კლინიკაში შემოსვლისას სხვადასხვა სისტემის უკმარისობა ჰქონდა, თუმცა წამყვანი დაავადება იყო ქრონიკული დაავადება, რომელიც პერიოდულად სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. დიალიზი ჩვენს კლინიკაში არ ტარდება“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ცნობისთვის, გუშინ ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ უწყება აღნიშნულ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის.