რატომ დაკარგა რუსეთმა უკრაინაში ამდენი ტანკი–გამომძიებელთა ჯგუფის დასკვნა

სამხედრო თემატიკაზე სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფმა – Oryx უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებზე დაყრდნობით გამოითვალა, რომ რუსეთმა უკრაინაში მინიმუმ 460 ტანკი და 2000 ერთეულზე მეტი სხვა ჯავშანტექნიკა დაკარგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, სხვა დამოუკიდებელ წყაროებს კი მისი გადამოწმების საშუალება არ აქვთ.

ამის მიუხედავად, განადგურებული და ხელში ჩაგდებული რუსული ტანკების ფოტოები მუდმივად ვრცელდება. რით შეიძლება აიხსნას საბრძოლო ტექნიკის ასეთი მაშტაბური დანაკარგი?

ომის დაწყებიდან აშშ–მ უკრაინას დაახლოებით 4000 ტანკსაწინააღმდეგო Javelin–ის რაკეტა მიაწოდა. ბევრი რუსული ტანკი დამატებითი ჯავშნით და დინამიური დაცვით არის აღჭურვილი, თუმცა Javelin–ის რაკეტებს ორი გამანადგურებელი ნაწილი აქვს. ერთი ჯავშანს არღვევს, მეორე კი მის ქვეშ არსებულ ძარას ანადგურებს.

უკრაინას ბრიტანეთმა3600  NLAW–ის ტანკსაწიააღმდეგო სისტემა მიაწოდა. ისინი ტანკების ზედა ნაწილის ყველაზე დაუცველ ადგილზე ფეთქდება.

კიდევ ერთი ფაქტორი ლოჯისტიკის და დაგეგმვის პრობლემებია. Oryx–ის ინფორმაციით, დაკარგული რუსული ტანკების ნახევარი არა უკრაინელებმა გაანადგურეს, არამედ რუსმა სამხედროებმა თავად მიატოვეს ბრძოლის ველზე ან გზებზე.

ექსპერტები ამას მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მოშლით ხსნიან.

“ზოგიერთი ტანკი იმიტომ დატოვეს, რომ საწვავი დაუმთავრდათ. ეს ლოჯისტიკური შეცდომაა. ზოგიერთი ტალახში ჩაეფლო, იმიტომ რომ უმაღლესმა სარდლობამ უკრაინაში შეჭრა წლის არცთუ ყველაზე ხელსაყრელ დროს გადაწყვიტა“– ამბობს სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების პროფესორი, ფილიპს ო ბრაიენი.

“ბევრი ტანკი ცუდი მართვის გამო გახდა უვარგისი. ზოგი ხიდებიდან გადავიდა. ზოგი არხებში ჩავარდა, რის შედეგადაც მუხლუხოები მოძვრა. სამხედროებს არ ქონდათ უნარი, საკუთარი ტექნიკა სწორად გამოეყენებინათ“– თვლის გაერთიანებული სამხედრო კვლევების სამეფო ინსტიტუტის სახმელეთო კონფლიქტების ანალიტიკოსი, ნიკ რეინოლდსი.

Rand Corporation и IISS–ის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის წინ რუსეთს უკრაინის საზღვართან დაახლოებით 2700 ტანკი ყავდა მობილიზებული.