შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვეს.
მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, ისინი “ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე გააგრძელებენ თანამშრომლობას ევროპულ საქართველოსთან და არჩევნებში მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას, “რაზეც მათგან უპირობო შეთავაზება აქვთ”.
შავგულიძემ პარტიის დატოვება ვრცელი განცხადებით განმარტა:
“საზოგადოებას ალბათ ახსოვს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუ როგორ დატოვა თავისუფალი დემოკრატების რიგები პარტიის ლიდერთა დიდმა ნაწილმა, რომელთა უმრავლესობა მალევე ქართული ოცნების ხელისუფლებაში აღმოჩნდა.
ამ მოვლენათა შემდეგ, 2017 წლის თებერვალში ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე, შევქმენით გამგეობის ახალი შემადგენლობა, რომელშიც პარტიაში დარჩენილ ძველ წევრებთან ერთად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შემომატებული მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატიც იქნა შეყვანილი, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, ჩვენთან ერთად გამკლავებოდნენ პარტიაში შექმნილ სირთულეებს.
სამწუხაროდ, მიუხედავად თავდაპირველად გამოხატული შემართებისა, განვლილი 4 წლის მანძილზე გამგეობის წევრთა ნაწილს, რომელიც საბოლოოდ გამგეობის შემადგენლობის 4 წევრიან უმრავლესობად ჩამოყალიბდა, რეალურად, პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. მათ საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც კი”. – წერს შავგულიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად თავდაპირველი აზრთა სხვადასხვაობისა, 20 ივნისისთვის პარტიის გამგეობის ყველა წევრი, განსხვავებული მოტივაციით, მაგრამ ერთხმად უჭერდა მხარს „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას.
შავგულიძე წერს, რომ პარტიაში საარჩევნო სიაზე შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა “სრულიად მოულოდნელად”, დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის უმრავლესობამ პარტიის საარჩევნო სიასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა.
“კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მე-2 ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ მჭედლიძე.
მე არ დავეთანხმე გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ამ პოზიციას, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს, 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი 3 წლის მანძილზე, 2020 წლამდე, არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია და შესაბამისად, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში. ამგვარად, მე ვერ ვხედავდი არგუმენტს იმის დასაშვებად, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მას მე-2 ადგილი დაეკავებინა, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პარტიის ისეთი ლიდერების წინ, როგორებიც გახლდათ ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე, ლევან სამუშია, რომელთა შრომითაც იყო შექმნილი პარტიის სახე, მისი პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი.
სამწუხაროდ, გამგეობის აღნიშნული უმრავლესობა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, თავის პოზიციაზე დარჩა”,- აცხადებს შალვა შავგულიძე.
მისივე განცხადებით, გამოჩნდა სხვა გარემოებებიც, რომელთა გამოც გამგეობის წევრების მიმართ უნდობლობა გაიზარდა.
მაგალითად:
“ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების მაჟორიტარობის 30 კანდიდატის წარდგენის საზეიმო ცერემონიალს, მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და იმავდროულად ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი – ექიმი, დევი ტაბიძე. სავალალო ის არის, რომ არც თავად დევი ტაბიძე და არც გამგეობის ზემოხსენებული წევრები, პრობლემას ამ გარემოებაში ვერ ხედავენ.
ამგვარად, მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე; არ ვარ დარწმუნებული, რომ თავისუფალი დემოკრატების პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი უერთგულებენ ოპოზიციურ შეთანხმებას, ქართული ოცნების ხელისუფლებასთან სამთავრობო კოალიციის არშექმნის შესახებ; მათთან ერთად ვეღარ გავაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ. ბრძოლას, რომელიც სულ უფრო და უფრო მძიმე გახდება და რომელიც აუცილებლად გამარჯვებამდეა მისაყვანი, ჩვენი ქვეყნის პროგრესული და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ამგვარად, ვეღარ ვხედავ აღნიშნულ პირებთან ერთ პოლიტიკურ გუნდში დარჩენის შესაძლებლობას. და რადგან ისინი პარტიის გამგეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია თავისუფალი დემოკრატები”,- წერს შავგულიძე და აღნიშნავს:
“ივანიშვილის ხელისუფლებამ თავისუფალი დემოკრატების რიგების შერყევა თავდაპირველად 2014 წლის შემოდგომაზე, ხოლო შემდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოახერხა. მსგავსმა სიმპტომებმა ამჟამად, 2020 წლის არჩევნების წინ იჩინეს თავი. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შიში არ გამართლდება და თავისუფალ დემოკრატებში დარჩენილი ადამიანები ქართული ოცნები პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან”. – წერს შავგულიძე.