რატომ ლაპარაკობენ სიცოცხლის საფრთხეზე? – თალაკვაძე მოშიმშილე სააკაშვილზე

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე განცხადებებს აკეთებენ, ” წინ უსწრებენ მოვლენებს და საუბრობენ იმაზე, რაც ჯერ სახეზე არ არის”.

მისი თქმით, კითხვები აქვს ოპონენტებთან, რას ემსახურება მათი მხრიდან “ავის მომასწავებელი პროგნოზების გაკეთება”.

„ჩემში და ძალიან ბევრ მოქალაქეში იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ლაპარაკობენ სიცოცხლის საფრთხეზე, დამძიმებასა და მძიმე გამოსავალზე ის ადამიანები, თანაც უკვე იმ დროიდან, როდესაც ამის არანაირი მოცემულობა არ გახლდათ. ეს პირდაპირ მიუთითებს, ჩემი აზრით, რომ ამ ადამიანებს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის გამოყენება სურთ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის”,– ამბობს თალაკვაძე პალიტრანიუსის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ დღესაც პენიტენციურ სისტემაში არაერთი ადამიანი შიმშილობს, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი “ასობით ადამიანი შიმშილობდა”.

“რისთვის შიმშილობს სააკაშვილი, მართალი გითხრათ, ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არის გაუგებარი. რას ითხოვს ეს ადამიანი, იქნებ თქვენ მაინც მითხრათ. მეგის ქარდავაც მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად თავს, მაგრამ ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები კომპეტენტურმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ გაასამართლა დანაშაულებისთვის”,– აცხადებს თალაკვაძე.