“რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი “- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
”რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, ან რა ინფორმაციას ფლობდა, როდესაც განცხადებას აკეთებდა, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ის, რაც თქვა, იყო მცდარი” – ამბობს სარჯველაძე.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
„უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო თვითონ სააკაშვილმა ბატონი ზელენსკი, როდესაც ულტიმატუმი დააყენა, რომ შემოთავაზებულ მკურნალობას მას შემდეგ დავთანხმდები, როცა რაღაც პირობები დაკმაყოფილდებაო, თუ სწორად მახსოვს, რეანიმაციულ პალატაში რაც გადამიყვანენო. ახლა, ამის შემდეგ თუ შეიძლება ჩავთვალოთ ლოგიკურად, რომ ვინმე გამოდის და იძახის, რომ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა და ხელისუფლება ამას არ აწვდის? აი, მერე შემიძლია შევეკამათო ყველას ლოგიკის ცოდნასთან ან უბრალოდ განცდასთან დაკავშირებით.
ყველამ იცის, სააკაშვილმაც იცის, რომ მას სჭირდება მკურნალობისთვის რაღაც კონკრეტული პროცედურა, ამ პროცედურას სახელმწიფო სთავაზობს დიდი ხანია, ის ამბობს უარს. ახლა აყენებს ულტიმატუმს, რაღაც პირობას თუ შემისრულებთ, მერე დავთანხმდებიო ამას, რაც მისი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. გამოდის ზელენსკი და იძახის, რომ ამ კაცს უნდა საჭმელი, სახელმწიფო არ აძლევს და კლავენ.” – აცხადებს სარჯველაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები წარადგინა და განაცხადა:
- “ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა: “ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა – რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ”.