რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს და სხვა ვირუსებიც შეუშვას, ან შეიძლება კარი ისე დაკეტოს, რომ შიგნით ვერავინ შეაღწიოს და “მარტოობით დატკბეს.“ სწორედ ასე იქცევა მაგალითად, გრიპის ვირუსი, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ეგოისტური ვირუსია.

გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რინოვირუსი, რომელიც გაციებას იწვევს შეიძლება ადამიანის ორგანიზმს კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავდეს. რა თქმა უნდა, საქმე ეხება არა მუდმივ იმუნიტეტს, არამედ დროის იმ პერიოდს, როდესაც ვირუსი უჯრედებში იმყოფება.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კვლევის შედეგად, რომლის დროსაც  სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ასლი, რომელიც იმავე ტიპის უჯრედებისგან შედგებოდა, ერთდროულად კორონავირუსით და რინოვირუსით დააინფიცირეს.

გაირკვა, რომ თუ უჯრედებთან წვდომას ორივე ვირუსი ერთდროულად იღებს, რინოვირუსი იმარჯვებს და ახალ კორონავირუსს შიგნით შეღწევის საშუალებას არ აძლევს. ამავე დროს, როგორც კვლევამ აჩვენა, ასე ხდება სამი ვარიანტიდან ნებისმიერის შემთხვევაში: თუ რინოვირუსს უჯრედებში 24 საათით ადრე უშვებენ, ვიდრე SARS-CoV-2–ს, თუ ორივე ვირუსს უჯრედებზე წვდომა ერთდროულად აქვთ და იმ შემთხვევაშიც, თუ კორონავირუსს 24 საათიან ფორას აძლევენ, ანუ მას უჯრედებში 24 საათით ადრე უშვებენ, ვიდრე რინოვირუსს.

“გამოდის, რომ რინოვირუსი კორონავირუსს თრგუნავს,შესაბამისად,  ჩვეულებრივი გაციების და სურდოს დაავადებების სეზონზე კორონავირუსით დაინფიცირება ბევრად ნაკლები იქნება“– უთხრა ბიბისი–ს დოქტორმა პაბლო მურსიამ.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ უჯრედში მოხვედრის შემდეგ რინოვირუსი ორგანიზმის იმუნურ პასუხს აამოქმედებს და საკუთარ ასლებს ქმნის, რომელიც კორონავირუსს გამრავლების საშუალებას არ აძლევს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცდები შოტლანდიელმა მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ჩაატარეს და ვირუსებით სასუნთქი გზების ხელოვნურად გამოყვანილი უჯრედები დააინფიცირეს.

ცოცხალ ორგანიზმში უამრავი სხვა პროცესი მიმდინარეობს, რომლებმაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინონ ვირუსების უჯრედებთან და ერთმანეთთან ურთიერთქმედებაზე. ამიტომაც, ლაბორატორიული ცდების შედეგებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.

თუმცა, მსგავსი შემთხვევები ადრეც შეინიშნებოდა. მაგალითად, არსებობს ვერსია, რომ სწორედ რინოვირუსის დიდმა აფეთქებამ შეუშალა ხელი 2009 წელს ევროპის ზოგიერთ ნაწილში ღორის გრიპის პანდემიას.

თუმცა, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან კორონავირუსით მას შემდეგ შეიძლება დაინფიცირდეთ, როცა გაციება გაგივლით და რინოვირუსი ორგანიზმს დატოვებს.

“ჰიგიენის ზომებმა, ასევე ვირუსების ურთიერთქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს კორონავირუსით დაავადება, მაგრამ მაქსიმალურ ეფექტს მხოლოდ ვაქცინაცია იძლევა“–ამბობს დოქტორი მურსია.

უირიკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი, ლოურენს იანგი კოლეგას ეთანხმება, რომ რინოვირუსი, რომელიც კორონავირუსზე ბევრად უფრო გადამდებია, შეიძლება შემოდგომის და ზამთრის თვეებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემნელებელი აღმოჩნდეს.

თუმცა, ზუსტად როგორ განვითარდება უახლოესი ზამთრების განმავლობაში გაციების და გრიპის სეზონები, ჯერჯერობით რთული სათქმელია. სავარაუდოდ კორონავირუსი არსად გაქრება, სხვა ინფექციები კი, რომლებიც ბოლო დროს თითქმის აღარ ვრცელდება მთელ მსოფლიოში შემოღებული ამკრძალავი ზომების გამო, არა მხოლოდ დაბრუნდებიან, არამედ ძლიერი ეფექტი ექნებათ იმ ადამიანებზე, რომლებმაც მთელი წელი სახლში გამოკეტილებმა, სოციალური კონტაქტების გარეშე გაატარეს და რომელთა იმუნიტეტი ძლიერ არის დასუსტებული.