რაღაც ციფრი თუ შეეშლება, ამაზე ტყდება ამბავი – კახიშვილი საუბნო კომისიის წევრებზე

ისანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი საუბნო კომისიის წევრების არაპროფესიონალიზმზე საუბრობს და ამბობს, რომ რთულია, შეცდომის შემთხვევაში მათ პასუხი მოსთხოვო.

“როდესაც შენ კომისიის წევრი გყავს შერჩეული არჩევნებამდე 2–3 თვით ადრე, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს უბანს და ის არ არის ბოლომდე პროფესიონალი, მას არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი და ხელფასი აქვს 250 ლარი 3 თვის განმავლობაში, რთულია მოსთხოვო პასუხი. ეს პრობლემა ყოველთვის იქნება, თუ ეს სისტემა დარჩა”,– ამბობს კახიშვილი რუსთავი 2–ის ეთერში.

მისივე განცხადებით, საუბნო კომისიის წევრს 14 საათის განმავლობაში სტრესის ქვეშ უწევს მუშაობა, შემდეგ კი თუ “რაღაცა ციფრი შეეშლება”, ამბავი ტყდება.

“ამას ემატება 15–20 დამკვირვებელი, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელიც დაკომპლექტებული თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქტივით. ამას ემატება ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი დამკვირვებლები და წარმოიდგინეთ, ერთ პატარა ოთახში, 14 საათი ადამიანი მუშაობს სტრესის ქვეშ, მერე რაღაცა ციფრი თუ შეეშლება, ამაზე ტყდება ერთი ამბავი”,– თქვა კახიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს პრობლემაა, რომელიც პარლამენტიდან უნდა მოგვარდეს.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ისინი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და არ აპირებენ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას.