კომპანია “გრინსერვის +“–ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე ამბობს, რომ “რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებაზე“ აქვს ეჭვი, რადგან სხვაგვარად ვერ ხსნის, რატომ მოხდა ვაკის პარკის შადრევანში ის, რაც მოხდა. მრავალსაათიანი გამოკითხვის შემდეგ პოლიციიდან გამოსულმა ლაშა ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდა და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
“ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს.სხვას მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღეს მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ, მეტსაც გეტყვით სამჯერ ჩახტა ძაღლი, ამის კადრებიც არსებობს და არანაირი… ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა იქ არ აღმოგვჩენია… ძალიან ბევრი დამთხვევაა და ასე არ ხდება“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, რომელიც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი.
ასევე, ლაშა ფურცხვანიძის განცხადებით, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული და ყველა შესაბამისი საბუთი პოლიციაში უკვე დევს.
„პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ. სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაშიც და შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს. შემოწმებული იყო სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, ამის ტესტირების რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში“, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.
შეგახსენებთ რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი ბიჭის მდგომარეობა კი ამ დროისთვის გაუმჯობესდა.
გამოძიება დაწყებულია სსსკ 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს