ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმიანება და მათ კაპიტოლიუმზე შეტევას ახსენებს.
“არ არის სასიამოვნო, როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და მისი საელჩო აკეთებს ასეთ განცხადებას, თუმცა, თავს ნებას მივცემ, არ დავეთანხმო ამ განცხადების ასპექტებს – ის, რაც არის შიდა ტერორიზმი შეერთებულ შტატებში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც. ის, როდესაც აშშ-ში კერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს სდებენ ბრალს, რომ იყო წამქეზებელი და ხელშემწყობი კაპიტოლიუმში შეჭრის და ამის შემდეგ მას უყენებენ ბრალს, ამის შემდეგ იწყება თანამდებობიდან წასული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, როდესაც სენატორს, რომელიც სავარაუდოდ ტელეფონით აქეზებდა შეჭრის მსურველებს, უწყვეტენ იმუნიტეტს, ბუნებრივია, იგივე სტანდარტი უნდა იყოს საქართველოშიც”,– თქვა სუბარმა იმედის ეთერში.
მისივე განცხადებით, ქართულ ოცნებას მოუწოდებს მეგობრებთან ბევრი მუშაობა, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ სიმართლე ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხარეს არის.
“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს რიტორიკა შეიცვლება ძალიან მალე, რადგან სიმართლე არის ერთი და ეს სიმართლე არის სახელმწიფოს მხარეს, შსს-ს და მმართველი ძალის მხარეს” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ აშშ–ს საელჩომ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და “ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკის გამო” უკმაყოფილება გამოთქვა.