რაჭაში კალაპოტიდან გადმოსულმა რიონმა ხიდები და გზები წაიღო

რაჭაში სტიქია მძვინვარებს – გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდდა მდინარეები, გარესამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი. მათ შორის, წყალმა წაიღო კურორტ შოვთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი. რამდენიმე ადგილას ჩანგრეულია საავტომობილო გზები, წაღებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. სტიქიას მსხვერპლი არ გამოუწვევია.

კალაპოტიდან გადმოსულმა რიონმა წაიღო რკინისა და ხის კონსტრუქციის ხიდები და ჩაანგრია საავტომობილო გზები. ადგილობრივების თქმით, წყალი შევიდა სახლების პირველ სართულებზე და დახოცილია მათი კუთვნილი პირუტყვი და ფრინველი.

რაჭველებს ეშინიათ ონის კასკადის აშენების შედეგების, რომლის აგების შემდეგაც მდინარე რიონში ორ მილში უნდა მოთავსდეს.

ადგილზე მისული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ზარალის დათვლა გამოდარების შემდეგ დაიწყება. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე აზუსტებს, რომ გარესამყაროს 12 სოფელია მოწყვეტილი, დაზიანებულია 10 ხიდი, ელექტროგადამცემი ხაზები. მისი თქმით, სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ და გზების აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.