რაჭის ადგილობრივი მკვიდრები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, პოლიტიკური პარტიის წევრები კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი რაჭის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ და მშენებელი კომპანიისთვის რაჭაში მშენებლობის ნებართვის შეჩერებას მოითხოვენ.
მათი თქმით, მთავრობამ უნდა შეაფასოს რაჭის ტურისტული განვითარების შემთხვევაში მოგების რაოდენობა და ის ჰესებით აშენებით მიღებულ მოგებას შეადარონ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, ჰესების მშენებლობა კლიმატის ცვლილებასა და უნიკალური ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორიების დაკარგვას გამოიწვევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია EMC აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პირობებში, 2020 წლის 17 მარტს, ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხილვის გარეშე გაიცა. მათი თქმით, ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.
ონის კასკადის მშენებელი კომპანია უარყოფს, რომ გვირაბი სოფლის თავზე გავა და ამისთვის მთებს აფეთქებენ. ასევე, უარყოფენ, რომ კასკადის მშენებლობისთვის მდინარე რიონის დაშრობა იგეგმება.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რაჭის ჰესების პროექტი ამჟამინდელი მდგომარეობით არც მაღალი კაშხლითაა, არც დიდი წყალსაცავით, ამიტომ ის მოსახლეობისთვის და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა.