რაჭის ჰესი სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის და მოსახლეობისთვის – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, რაჭის ჰესების პროექტი ამჟამინდელი მდგომარეობით არც მაღალი კაშხლითაა, არც დიდი წყალსაცავით, ამიტომ ის მოსახლეობისთვის და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა.

“დღევანდელი სახით ეს პროექტი არის სრულიად უსაფრთხო გარემოსთვის, მოსახლეობისთვის. 2014 წლის შემდეგ ამ პროექტს, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო ჩაფიქრებული, სახე ეცვალა საჯარო განხილვების პროცესში, ეს აღარაა მაღალ კაშხლიანი ჰესი, დიდი წყალსაცავით, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ცოტა უფრო პროფესიონალური იყოს თავიანთ ხედვებში, გამონათქვამებში, ჩახედონ დოკუმენტებს”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

რაჭის ჰესების კასკადის მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღდეგება. EMC აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პირობებში, 2020 წლის 17 მარტს, ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხილვის გარეშე გაიცა. მათი თქმით, ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.

ონის კასკადის მშენებელი კომპანია უარყოფს, რომ გვირაბი სოფლის თავზე გავა და ამისთვის მთებს აფეთქებენ. ასევე, უარყოფენ, რომ კასკადის მშენებლობისთვის მდინარე რიონის დაშრობა იგეგმება.