ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას უპილოტო საფრენ აპარატებს ჩუქნის. გავლენიანი ამერიკული მედიის ინფორმაციით საუბარია კამიკაძე დრონებზე – Switchblade – თვითდამიზნებად მართვად რაკეტებზე, რომლითაც მტრის სამიზნეების განადგურება ათეულობით კილომეტრის მანძილზეა შესაძლებელი.
აქამდე აშშ–ს ეს მაღალტექნოლოგიური იარაღი ბრიტანეთის გარდა არავისთვის მიუწოდებია. სხვა უპილოტო საფრენ აპარატებთან შედარებით ეს დრონები ძალიან იაფია. მცირე გაბარიტების, დიდი სიჩქარის და სრულიად უხმაური ფრენის გამო კი პრაქტიკულად მისი მოხელთება შეუძლებელია.
ვნახოთ, რას წარმოადგენს Switchblade–ის დრონები და რამდენად დაეხმარება ისინი უკრაინას.
თეთრი სახლის საინფორმაციო ბიულეტენში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ საუბარია „100 ტაქტიკურ უპილოტო საავიაციო სისტემაზე.“
ამერიკული ტელეარხების ინფორმაციით, საუბარია სწოროედ მოძრავ საბრძოლო ტექნიკაზე – Switchblade 300 და Switchblade 600–ზე, რომლებიც ასევე კამიკაძე დრონების სახელით არის ცნობილი. ისინი როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე ფეხოსნების განადგურებისთვის არის განკუთვნილი.
ენბისი–ს ინფორმაციით ამ მაღალტექნოლოგიური სამხედრო იარაღის უკრაინისთვის გადაცემაზე ბოლო მომენტამდე ამერიკის ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი მოდელს გადასცემენ უკრაინას. არ არის გამორიცხული, გადასცენ ორივე.
ერთჯერადი გამოყენების იარაღი
Switchblade–ის დრონებს ამერიკული კომპანია AeroVironment აწარმოებს, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში არის ბაზირებული. მისი დამკვეთი აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალების სპეცოპერაციების სამმართველოა.
კომპანია ჯერჯერობით მისი პროდუქციის უკრაინის არმიისთვის გადაცემაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ღიად გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინისადმი.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ხალხს და ნატოს ყველა ქვეყანას. უკრაინას და ჩვენს აღმოსავლეთევროპელ პარტნიორებს ახლა ჩვენი ტექნოლოგიები ჭირდებათ, რათა დაამარცხონ რუსეთის არმია და აღკვეთონ შემდგომი აგრესია“– ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე.
Switchblade– ეს არის რობოტიზირებული ჭკვიანი ბომბი, რომელიც ძრავით, კამერებით, დამიზნების სისტემით და ქობინებით არის აღჭურვილი. შესაძლებელია მათი დაპროგრამება დამოუკიდებლად შეტევის მისატანად ათეულობით კილომეტრით დაშორებულ ობიექტებზე. მათ შეუძლიათ მიზნის გარშემო იფრინონ, სანამ დარტყმისთვის შესაფერისი მომენტი არ დადგება.
ეს იარაღი ერთჯერადი გამოყენების არის, ამიტომაც უწოდეს კამიკაძე დრონები. ისინი ბევრად იაფია, ვიდრე რაკეტები, რომლითაც საბრძოლო უპილოტო აპარატებია აღჭურვილი. ზოგიერთი შეფასებით, Switchblade 300 შეიძლება სულ რაღაც 6000 დოლარი ღირდეს.
ეს მოდელი შედარებით მსუბუქი ვერსიაა. ის პატარა ფეხოსანი რაზმების აღჭურვისთვის არის განკუთვნილი. ის კომპაქტურია–61 სანტიმეტრის სიგრძის და გადასატან შალითასთან და გამშვებ მოწყობილობასთან ერთად სულ 2.7 კილოგრამს იწონის. მისი ტარება ერთ ჯარისკაცს ზურგჩანთით ადვილად შეუძლია.
გაშვების შემდეგ დრონი ფრთებს შლის და პატარა ფრთოსან რაკეტას ემსგავსება. მისი მართვა 10 კილომეტრამდე მანძილიდან არის შესაძლებელი. ჰაერში ყოფნა 10 წუთის მანძილზე შეუძლია. დაზვერვისთვის ის გამოუსადეგარია, მაგრამ შორეული დამიზნებისთვის ჯავშანტექნიკაზე და ცოცხალ ძალაზე ძალიან ეფექტურია. Switchblade–ის ზოგიერთი მოდელი მოდიფიცირდება, რათა მტრის უპილოტო აპარატებზე შეტევა შეძლოს.
Switchblade იყენებს ფერად კამერას და GPS-ს იდენტიფიკაციისთვის, სამიზნის ძებნისა და განადგურებისთვის, მაგრამ შესაძლებელია მისი წინასწარ დაპროგრამება ობიექტზე შეტევისთვის კოორდინატების მიხედვით. მისი საბრძოლო ნაწილი ხელყუმბარის ექვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერებისგან შედგება, რომლის დეტონირება შესაძლებელია როგორც მიზანში მოხვედრისას, ასევე ჰაერში. გაშვების შემდეგ დრონის უკან დაბრუნება შეუძლებელია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ოპერატორს შეუძლია მას მიზანი შეუცვალოს და შეტევა გააუქმოს.
აპარატი მოქმედებაში მოდის ელექტროძრავის მეშვეობით, დაფრინავს უხმაუროდ და მის პატარა ზომებს და მაღალ სიჩქარეს (160კმ/სთ შეტევის მომენტში)თუ გავითვალისწინებთ, მისი აღმოჩენა ან ჩამოგდება უკიდურესად ძნელია.
2020 წლის მარტში კომპანია AeroVironment–მა განაცხადა Switchblade–ის უფრო მძიმე, ტანკსაწინააღმდეგო ვერსიის წარმატებულ საფრენ გამოცდებზე, ოქტომბერში კი ახალი მოდელის პრეზენტაცია მოაწყო.
Switchblade600 ბევრად მძიმეა, ვიდრე მისი წინამორბედი. მისი წონა 23 კილოგრამია, მაგრამ ხელით მისი გადატანაც შეიძლება. დაყენედბის დრო კი 10 წუთია.
მწარმოებელი კომპანიის მონაცემებით Switchblade600–ს შეუძლია 40 კილომეტრით დაშორებული მიზანი გაანადგუროს და ჰაერში 40 წუთი გაატაროს. მისი შეტევის სიჩქარე უფრო მაღალია– 185 კმ/სთ. მისი საბრძოლო ნაწილი ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად არის განკუთვნილი.
მართვის სისტემა სენსორულ ეკრანიანი პლანშეტის ბაზაზეა. მისი მართვა შესაძლებელია ხელით ან ავტომატურად, იყენებს მონაცემთა გადაცემის დაშიფრულ არხებს, აღჭურვილია სელექტიური წვდომის GPS მოდულით და ელექტრონული გადაჭერისგან დაცვით.
Switchblade 600–ის ზუსტი ფასი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის უფრო ნაკლებია, ვიდრე ჯაველინის ანტისატანკო რაკეტებისა, რომლებიც აშშ–მ უკრაინას უკვე მიაწოდა.
ამერიკელი სამხედროები Switchblade–ს ავღანეთში და რამდენიმე სხვა ადგილზეც იყენებდნენ, თუმცა ამის აფიშირებას ერიდებოდნენ.
აქამდე ამერიკას ეს იარაღი არავისთვის არ მიუყიდია, დიდი ბრიტანეთის გარდა.
უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების შესახებ ინფორმაციაში სულ 100 კომპლექტზეა საუბარი, თუმცა შესაძლოა ეს მხოლოდ პირველი პარტია იყოს.
Switchblade–ის მაღალეფექტურობაზე გავრცელებული ზოგადი ცნობების გარდა, ღია დეტალური ინფორმაცია ამ იარაღზე არ არსებობს.
უცნობია, რამდენი ასეთი კომპლექტია ამჟამად აშშ–ს სამხედრო საწყობებში, რამდენად სწრაფად შეუძლია მწარმოებელ კომპანიას ახალი დრონების დამზადება და რამდენი დრო დაჭირდებათ უკრაინელ სამხედროებს, რომ ამ იარაღის გამოყენება ისწავლონ.