20 იანვრამდე, როცა ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება აშშ–ს პრეზიდენტი ორი კვირა დარჩა – დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ორი კვირა, რომლის მომხრეებმა წუხელ კაპიტოლიუმი დაარბიეს მას შემდეგ, რაც მათმა ლიდერმა “ძალის დემონსტრირებისკენ“ მოუწოდა.
დემოკრატებმა გადაწყვიტეს ვადის ამოწურვას აღარ დაელოდონ და დაჟინებით მოითხოვენ ტრამპი თანამდებობას სასწრაფოდ ჩამოაშორონ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ამერიკის ლიდერს არ აქვს უნარი საკუთარი მოვალეობები შეასრულოს.
ექსპერტებს კი თავად ტრამპის შემდგომი ნაბიჯები აშინებთ.
ელის თუ არა ტრამპს იმპიჩმენტი
დემოკრატები წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტიდან ამბობენ, რომ ტრამპი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას. ამის გაკეთება თეორიულად ორი გზით შეიძლება:
პირველი გზა იმპიჩმენტია. ამისათვის წარმომადგენელთა პალატა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პრეზიდენტმა მძიმე დანაშაული ან კანონდარღვევა ჩაიდინა. დონალდ ტრამპმა ერთხელ უკვე გაიარა ეს გზა, როცა დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა პალატამ ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა 2019 წელს. თუმცა, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა სენატმა მაშინ ტრამპი გაამართლა.
იმპიჩმენტის პროცედურას დიდი დრო ჭირდება – წარმომადგენელთა პალატის კომტეტებმა გამოძიება უნდა ჩაატარონ, მტკიცებულებები შეაგროვონ, კენჭი უყარონ, შემდეგ კი ბრალდებებმა სენატის განხილვასაც უნდა გაუძლოს. ორ კვირაში ამ ყველაფრის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამიტომაც დემოკრატები სხვა ვარიანტს ამჯობინებენ – ამერიკის კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებას. ის საშუალებას იძლევა პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ, თუ სახელმწიფოს მეთაურს მოვალეობების შესრულება აღარ შეუძლია. გადაყენების კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს ფსიქიური დაავადება.
ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტი იღებს. ძალაუფლება ვიცე–პრეზიდენტის ხელში გადადის. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიდენის ინაუგურაციამდე პრეზიდენტის მოვალეობას მაიკ პენსი შეასრულებს.
პენსმა მაშინვე დაგმო კაპიტოლიუმის შტურმი და პრეზიდენტ ტრამპის ქმედებები. ის ტრამპის გადაწყვეტილებებს გაემიჯნა და ტვიტერზე ჯო ბაიდენის და კამალა ჰარისის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც 20 იანვარს ვიცე–პრეზიდენტი გახდება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში აქტიურად განიხილება, შეიძლება თუ არა 25–ე შესწორების გამოყენება. სოციალურ ქსელებში კი დემოკრატებს უკვე უერთდებიან რესპუბლიკელები, რომლებიც ტრამპის თანამდებობიდან ჩამოშორებას მოითხოვენ. სი ენ ენი რამდენიმე რესპუბლიკელსაც ციტირებს, რომლებმაც ანონიმურად განუცხადეს, რომ ტრამპი “კონტროლიდან გავიდა“.
პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ამჟამად 25–ე შესწორების გამოყენების პერსპექტივა ბუნდოვანია და ეს ჩანაწერი იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა ქვეყანა უნდა დაიცვან პრეზიდენტისგან, რომელსაც ფსიქიური მდგომარეობა ხელს უშლის მოვალეობების შესრულებაში. ახლა კი ეს შემთხვევა არ არის. ტრამპი შესაძლოა არანორმალური იყოს, მაგრამ ის საღ გონებაზე ნამდვილად არის. უბრალოდ მისი გონებაა ასეთი არანორმალური. ასეთ შემთხვევაში კი ერთადერთი გამოსავალი იმპიჩმენტია, რომელიც როგორც უკვე გითხარით ხანგრძლივი პროცედურაა, თანაც ამ შემთხვევაში რესპუბლიკელებს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ – ისინი იმ ელექტორატს უნდა დაემშვიდობონ, რომლებიც ტრამპს უჭერენ მხარს და თვლიან, რომ მათ არჩევნები მოპარეს.
იქნება თუ არა ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობები?
დონალდ ტრამპს პრაქტიკულად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია სიტუაციაზე გავლენა მოახდინოს დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში. ხმების გადათვლა დასრულებულია, სასამართლოები წაგებული, ბაიდენის გამარჯვება კონგრესმა უკვე დაამტკიცა.
ტრამპს ვერაფერმა უშველა – ვერც ზარმა შტატ ჯორჯიის სახელმწიფო მდივანთან და მოთხოვნამ, ამ უკანასკნელს ეპოვნა “ მისი დაკარგული ხმები“.
ჯო ბაიდენის გუნდი არაერთხელ ჩიოდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლების გადაცემის პროცესში პრობლემებს ქმნიდა. მაგალითად, ბაიდენს დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდნენ წვდომას საიდუმლო სპეცსამსახურების ანგარიშებთან. არადა, ტრადიციის მიხედვით არჩეულ პრეზიდენტს ეს წვდომა მაშინვე ეძლევა.
ხელისუფლების გადაცემის პროცესი აუცილებელია იმისათვის, რომ 20 იანვრიდან ბაიდენის გუნდმა მოვალეობების შესრულება შეუფერხებლად შეძლოს და უკვე ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.
თითქმის ორთვიანი აურზაური ქვეყანაში, როცა პრეზიდენტი საკუთარ დამარცხებას არ აღიარებდა და მხარდამჭერებს არჩევნების ფალსიფიცირების შესახებ დაუსაბუთებელი განცხადებებით აქეზებდა, საბოლოოდ კაპიტოლიუმის შტურმით დასრულდა. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ გასული ღამის მოვლენებით საქმე არ დასრულდება. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირობის დადების მიუხედავად ტრამპი მუდმივად ხელს უშლიდა ბაიდენის გუნდს, თუმცა ამავე დროს ამტკიცებდა, რომ არ ეწინააღმდეგება ახალი ადმინისტრაციის მოსვლას. ახლა კი, როცა ყველა ფორმალური პროცედურა დასრულებულია, დარჩა ყველაზე მთავარი – ინაუგურაცია.
ტრამპის 300 ათასზე მეტი მხარდამჭერი შეუერთდა ფეისბუქზე ჯგუფს “ტრამპის მეორე ინაუგურაცია“. კაპიტოლიუმის შტურმის ჯგუფში განხილვისას ტრამპის მომხრეები ამბობენ, რომ მათი ქმედებები კანონის ფარგლებს არ გასცდენია, არეულობები კი იმის გამო დაიწყო, რომ მათ რიგებში ანტიფას და BLM–ის მოძრაობის წევრები “ჩანერგეს“. განხილვებიდან ბოლომდე ცხადი არ არის, გეგმავენ თუ არა ჯგუფის წევრები 20 იანვარს რაიმე აქციას.
ცოტა ხნის წინ დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ტრამპი 20 იანვარს მიტინგის ორგანიზებისთვის ემზადებოდა, რომელზეც თითქოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უნდა განეცხადებინა.
გუშინდელი მოვლენების შემდეგ კი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრამპი მუდმივად შეეცდება მხარდამჭერების დარწმუნებას, რომ მათ არჩევნები მოპარეს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებასაც ერთადერთი მიზანი ექნება– მომავალში სასამართლო პროცესები და შესაძლო პასუხისმგებლობის დაკისრება წუხანდელი მოვლენების, გადასახადებისგან თავის არიდების თუ წარსულში ჩადენილი სხვა ქმედებების გამო პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად გაასაღოს.
რას შეიძლება ველოდეთ კიდევ ტრამპისგან?
ახლა, როცა მინისტრთა კაბინეტი შიშობს, რომ პრეზიდენტს დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში საკუთარი მოვალეობების შესრულება არ შეუძლია, სულ უფრო ხშირად ისმის ყველაზე თამამი ვარაუდები იმის შესახებ, კიდევ რა შეუძლია ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭებულ ტრამპს დააშავოს შემდგომი ორი კვირის განმავლობაში.
ყველაზე დიდ შეშფოთებას ამჟამად ტრამპის ირანთან ურთიერთობა იწვევს. ბაღდადში აშშ–ს საელჩოზე ორი კვირის წინ მომხდარი თავდასხმისას ტრამპმა ირანი პროვოკაციაში დაადანაშაულა და თქვა: “ერთი ამერიკელიც რომ მოკვდეს, მე პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ. კარგად დაფიქრდით.“
ბოლო პერიოდში ამერიკულ პრესაში აქტიურად შუქდება ირანთან ამერიკის მხრიდან ურთიერთობების ესკალაცია. ეს ყველაფერი ამერიკის ახალი ლიდერის ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ხდება და ერთი წლის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ტრამპის ბრძანებით ავიადარტყმის შედეგად ირანელი გენერალი კასემ სულიემანი მოკლეს.
ვაშინგტონის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, ტრიტა პარსი ამბობს, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი სამხედრო, რომლებსაც ინფორმაციაზე მაღალი დონის წვდომა აქვთ, გამოთქვამენ შიშს, რომ ტრამპმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში შესაძლოა ირანზე შეტევის პროვოცირება გამოიწვიოს: “არ არსებობს არავითარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ირანი ახლა თვითონ გეგმავდეს რაიმე შეტევას. იქ ესმით, რომ ძალიან მალე აშშ–ს ხელისუფლებაში ახალი ლიდერი მოვა, რომელიც უფრო მეტად განწყობილია დიალოგისკენ. მაგრამ სასოწარკვეთილებისგან ტრამპს შეუძლია ქაოსი შექმნას შემდგომი პრეზიდენტისთვის.“
ოლივია ტროი, რომელიც გასული წლის ივლისამდე ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩევლად მუშაობდა შიდა უსაფრთხოების საკითხებში, ამბობს: “საქმე ისე წავიდა, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში პრეზიდენტი უბრალოდ საშიშია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც უკვე ვნახეთ, ძნელი სათქმელია, კიდევ რაზეა წამსვლელი ტრამპი. ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება მან გააკთოს ხვალ ან ზეგ. სულაც არ გამიკვირდება, თუ ისევ რაიმე სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთვება. ვშიშობ, რომ შეიძლება ტრამპმა ირანთან დაკავშირებით სიტუაცია გაართულოს.“
პოლიტოლოგი სემ გრინჩი თვლის, რომ ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არსებობს:
“ჩემთვის ნიშანდობლივი იყო ის მომენტი, როცა ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მილერი პელოსის და პენსს ელაპარაკა, თანაც მთავარსარდლის, ტრამპის გარეშე. ამის შემდეგ მილერმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალები ქვეყნის კონსტიტუციას ემსახურებიან და დონალდ ტრამპი არ უხსენებია. ჩემთვის ეს ნიშანია, რომ ტრამპის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების რაიმე მცდელობის შემთხვევაში ის წინააღმდეგობას შეხვდება ყველა მხრიდან“– ამბობს ექსპერტი.
მისი აზრით, ამ მომენტში პენტაგონი დიდწილად ქვეყნის კოლექტიურ ხელმძღვანელობას უთმობს ყურადღებას და არა თავად ტრამპს, ამიტომაც შესაძლოა ტრამპმა ბრძანება გასცეს კიდევაც, თუმცა ოფიცერთა შემადგენლობას და სამედრო ძალების ხელმძღვანელობას შეუძლია არ შეასრულოს ბრძანება, რომელსაც დანაშაულებრივად თვლიან.