საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, გუდაური-კობის მონაკვეთზე აღდგენილია როგორც მსუბუქი ავტოტრანსპორტის, ასევე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც.
“მლეთა-გუდაურისა და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად”. – წერია დეპარტამენტის განცხადებაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
“ამავე გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ110-კმ146 მონაკვეთზე კი შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”. – წერს დეპარტამენტი.
შეზღუდვებია დაწესებული ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზეც.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ118 (პაქსაძეების ხიდი-უტყისუბანი) მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ამავე საავტომობილო გზის კმ50-კმ85 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია”. – წერს გზების დეპარტამენტი.
აგრეთვე, დეპარტამენტის ცნობით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზეც.















