ამერიკულმა ფარმაცევტულმა კონცერნმა, Novavax–მა განაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ, NVX-CoV2373–მა კლინიკური კვლევების მეორე და მესამე ფაზები გაიარა. მისი ეფექტურობა 89.3 პროცენტია. დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტურია და ვირუსის მუტაციის შემთხვევაშიც მოქმედებს, კერძოდ კი ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. პრეპარატმა კლინიკური კვლევები ათასობით ადამიანის მონაწილეობით ჩაატარა. შედეგად კი მისი ეფექტურობა აჩვენა. თუმცა ბრიტანული ვარიანტის მიმართ პრეპარატმა უფრო მეტი ეფექტურობა აჩვენა, ვიდრე სამხრეთ აფრიკულის მიმართ.
კომპანია Novavax–ის პრეპარატი ინაქტივირებული კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მისი საფუძველია SARS-CoV-2 პათოგენის S ცილა, რომელიც რეკომბინანტური ნანონაწილაკების სახით არის წარმოდგენილი. ვაქცინა შეიძლება 2–8 გრადუს ტემპერატურაზე ინახებოდეს, რაც მას უპირატესობას ანიჭებს Pfizer/BioNTech–ის ვაქცინასთან შედარებით.
კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინაციისას იშვიათი იყო გვერდითი მოვლენების შემთხვევები.
მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი, ჯონ მური როიტერთან საუბრისას ამბობს, რომ Novavax–ის ვაქცინის კვლევების მონაცემები უკვე ნებადართული ორი ვაქცინის – Moderna და Pfizer/BioNTech–ის მონაცემებთან შედარებისას აგებს, რადგან ამ ორმა პრეპარატმა კლინიკური კვლევების მესამე ფაზაზე 94–95 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა, მაგრამ სტატისტიკის თვალსაზრისით ეს არც ისე რელევანტურია. “ვაქცინა პრინციპში კარგად მოქმედებს ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეფექტური იქნება აშშ–შიც“– ამბობს მური.
ამჟამად NVX-CoV2373 –ის ტესტირება აშშ–სა და მექსიკაში მიმდინარეობს კლინიკური ცდების ფარგლებში, სახელწოდებით PREVENT-19. თებერვლის შუა რიცხვებამდე კვლევებში მონაწილეობა უნდა მიიღოს 30 000–მა ადამიანმა.
ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა საბაზო უნდა გახდეს გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში პრეპარატის დაშვებისთვის. თუმცა, თავდაპირველად მისი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს. Novavax აპირებს შესაბამის უწყებებს ნებართვისთვის განაცხადით მარტში ან აპრილში მიმართოს.
კომპანია იმედოვნებს, რომ აშშ–ში სასწრაფო წესით დაშვებას მიიღებს. ევროკომისიას Novavax–ის ვაქცინის 200 მილიონი დოზის შეძენა უნდა. დიდმა ბრიტანეთმა 60 მილიონი დოზა შეუკვეთა. ცდების მეორე და მესამე ეტაპების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Novavax–ის აქციები ამერიკულ საფონდო ბირჟაზე 34%–ით გაიზარდა.