სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისთვის 19 აპრილის შეთანხმება კვლავ არსებობს.
“რა ვქნა ახლა, უკაცრავად, ქართულმა ოცნებამ რაღაც თქვა და მე ახლა გამოვიდე შარლ მიშელის შეთანხმებიდან? რას ნიშნავს აღარ არის? დასავლეთისთვის არის, ჩვენთვის არის. ქართულმა ოცნებამ ანულირებაზე რომ განაცხადა, არ ნიშნავს, რომ ამით დამთავრდა ყველაფერი. ჩვენ სწორედ იმიტომ რომ შეთანხმების ერთგულები ვრჩებით, უფლება გვაქვს, მოვითხოვოთ აღსრულების მექანიზმების ამოქმედება დასავლეთის მხრიდან”,– თქვა მან ფორმულას ეთერში.
მისივე განცხადებით, ქართულ ოცნებას უნდა, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს, რადგან მან საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდოს.
“ჭირსაც წაუღია პარლამენტი. ვის ვის და მე არაფერში მჭირდება საპარლამენტო მანდატი არც ჩემი აქტივობისთვის, საჯარო საქმიანობისთვის და არც ჩემი შემოსავლისთვის. არაფერში არ მაინტერესებს. მაგრამ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ვამბობთ მარტივ რაღაცას – ქართული ოცნების ინტერესია, პარლამენტში დარჩეს საკონსტიტუციო ქვორუმზე ნაკლები ადამიანების რაოდენობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა დააბრალოს ოპოზიციას”,– აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.