რა ზარალს ნახავს ევროპა რუსეთ–უკრაინის ომის შემთხვევაში. დეტალები

სანამ დასავლეთი რუსეთს უკრაინასთან ომის შემთხვევაში ეკონომიკური კატასტროფით ემუქრება, ევროპა საკუთარ ეკონომიკაზე მოსალოდნელი დარტყმისთვისაც ემზადება, რომელიც აშშ–ს ეკონომიკის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორეა.

დასავლური მედია წერს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ საზღვრებზე ევროკავშირს ძვირი დაუჯდება, რადგან ნედლეულის მიწოდების პრობლემებს, ლტოლვილთა ტალღას, მილიარდებიანი კრედიტების ჩამოწერით მიღებულ ზარალს, ფასების მერყეობას და დიდ ხარჯებს გამოიწვევს იმ მომენტში, როცა ოცდაათი ევროპული ქვეყანა და თითქმის 500 მილიონი მათი მოქალაქე ძლივს გამოვიდა კოვიდ კრიზისიდან.

ამიტომაც ევროკავშირის ქვეყნები არ ჩქარობენ უსიტყვოდ დაუჭირონ მხარი აშშ–ს მიერ შეთავაზებულ “ჯოჯოჯხეთურ სანქციებს“. ამ კვირის ბოლოს, ევროკავშირის სამიტზე კონტინენტის სამმა უმსხვილესმა ეკონომიკამ – გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ დასვეს კომპენსაციის საკითხი ევროპული ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის შესაძლო დანაკარგების შემთხვევაში.

სანქციები დასავლეთისთვის პრობლემა სამი ძირითადი მიზეზის გამოა:

ჯერ ერთი, რუსეთს შეუძლია კონტრსანქციები შემოიღოს და მას ჯერ კიდევ აქვს ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები, რაზეც ქვევით გიამბობთ. მეორე: სანქციები დასავლურ ბანკებს და ბიზნესებს დაარტყამს, რომლებმაც რუსეთში ინვესტიციები ჩადეს ან მასთან ვაჭრობენ. და ბოლოს: სამხედრო მოქმედებებს ნგრევა  მოჰყვება: ნავთობსადენები, მინდვრები, ქარხნები და შახტები შესაძლოა ცეცხლის ალში აღმოჩნდეს, ადამიანები კი ომისგან გარბიან.

ექსპერტები თვლიან, რომ სანქციების ბუმერანგი მცირედით აშშ–საც შეეხება, თუმცა ძირითადი დარტყმა ევროპაზე მოვა, რადგან ის უფრო ახლოს არის რუსეთთან და უკრაინასთან გეოგრაფიულად და ეკონომიკურადაც მეტად არის დაკავშირებული.

ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად?

რუსეთი ევროკავშირის ზომით მეხუთე სავაჭრო პარტნიორია. უკრაინა მეთვრამეტე. ორივე მათგანი უფრო მეტად არის დამოკიდებული მდიდარ ევროპაზე, ვიდრე ევროპა მათზე. მაგალითად, რუსეთის ვაჭრობის 37% ევროკავშირზე მოდის, რუსეთზე კი ევროკავშირის ვაჭრობის მხოლოდ 5%.

თუმცა, სწორედ რუსეთში ყიდულობს ევროპა მთელი ნავთობის 25% და გაზის 40%–ს. ამიტომაც როგორც ამ ზამთარმა აჩვენა, ევროპის მგრძნობელობა ვაჭრობის შეფერხების მიმართ მაღალია. რუსეთმა გაზის მიწოდებაში პრობლემები შექმნა, ევროპა კი მსხვილი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

თავის მხრივ, რუსეთი უფრო მდგრადია შოკების მიმართ და “მტერზე გამარჯვებისთვის“ მობილიზაცია უფრო კარგად შეუძლია,არა მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, არამედ იმის წყალობით, რომ კრემლმა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ეკონომიკა თავდასხმისთვის მომზადებული ციხესიმაგრის მსგავსად ააგო.

რუსეთის ხელისუფლება ცოტას ხარჯავდა, რითაც ზარალს აყენებდა ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეების შემოსავალს, სამაგიეროდ უსაფრთხოების სოლიდური ბალიში დააგროვა. ნაციონალური კეთილდღეობის ფონდი – თითქმის 200 მილიარდი დოლარია. საგარეო ვალი  ეკონომიკის წლიური მოცულობის სულ 20%. ოქროს და სავალუტო რეზერვები კი 600 მილიარდ დოლარს აღემატება, თანაც მათ შორის ამერიკული ვალუტის წილი მინიმალურია.

და თუ ევროკავშირისთვის რუსეთის ენერგომატარებლების ნაწილის დაკარგვა სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს, რუსეთი მართალია რთულად, მაგრამ გარკვეული დროით მაინც შეძლებს დაკარგული შემოსავლები რეზერვებით დააბალანსოს და ნაწილობრივ მოახდინოს მათი კომპენსირება გაძვირებული ნედლეულის სხვა ბაზრებზე გაყიდვით.

მითუმეტეს, მას შეუძლია დროებით გაძლოს ევროპიდან ნებისმიერი პროდუქტის შესყიდვის გარეშე.

ამჟამად ევროკავშირი რუსეთში წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდი ევროს საქონელს და მომსახურებას ყიდის. საქონელზე ექსპორტის უდიდესი წილი – 80% მოდის. ძირითადად ეს არის მანქანები და აღჭურვილობა (45%) და ქიმიკატები (20%). დაახლოებით 10% მოდის სამომხმარებლო საქონელზე და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.

ნავთობი და გაზი

ევროპაში რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირება, მაგალითად კონტრსანქციების ან გაზსადენების დაზიანების გამო, კრიზისს გამოიწვევს, თუმცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნის სეზონურობიდან გამომდინარე ის მწვავე არ იქნება. ევროკავშირი გათბობის სეზონამდე ამერიკული გაზის დახმარებით გაძლებს, თუმცა გაჭიანურებული კონფლიქტი უფრო რთული იქნება, რადგან გაზპრომის გაზის სრულად ჩანაცვლება უახლოეს წლებში შეუძლებელია.

ნავთობთან დაკავშირებით საქმე უარესად არის.

ბარელის ფასი უკვე 100 დოლარია, და თუ რუსეთი, რომელიც მსოფლიო ბაზრის უმსხვილესი მიმწოდებელია, მიწოდებას შეზღუდავს, იძულებით ან საკუთარი სურვილით, მისი ჩანაცვლება დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული.

ნავთობის მიწოდების პრობლემა ფასების გაზრდას გამოიწვევს ყველაფერ დანარჩენზე, ინფლაცია კი ევროკავშირში ისედაც მრავალწლიან რეკორდულ ნიშნულზეა. ამიტომაც, რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნები, როგორიც არის მაგალითად იტალია, ცდილობენ ნავთობისა და გაზის სფერო დარტყმის მიღმა აღმოჩნდეს.

“ჩვენ განვიხილავთ სანქციებს ევროკავშირის ფარგლებში და ამ განხილვებში იტალიას მკაფიო პოზიცია აქვს: სანქციები უნდა იყოს წერტილოვანი და ენერგეტიკას არ უნდა შეეხოს“ – თქვა პარასკევს იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ.

ავიაგადაზიდვები

ნავთობის კვალდაკვალ გაძვირდება საავიაციო ნავთი. სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებმა პანდემია ძლივს გადაიტანეს, ახლა კი ახალი დარტყმა ელით. თუმცა, საწვავი პრობლემის მხოლოდ ნაწილია. ომი ავიაკომპანიებს უკრაინაში ფრენებით მიღებულ მოგებას დააკარგვინებს და წაართმევს უფლებას რუსეთის თავზე იფრინონ.

რუსეთი ტერიტორიით დიდი ქვეყანაა, მისთვის გვერდის ავლა კი ძვირი ჯდება და დიდი დრო ჭირდება. როგორც ენერგორესურსების შემთხვევაში, აქაც ბაზრის დაკარგვა რუსეთსაც აზარალებს, თუმცა დასავლელი, განსაკუთრებით ევროპელი გადამზიდავების ხარჯები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ პანდემიის გამო ტრაფიკი ისედაც შემცირებულია. რუსეთის საჰაერო სივრცეზე ტრანზიტით ყოველდღიურად დაახლოებით 500 თვითმფრინავი სარგებლობს, რაც სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს იყო. ბევრისთვის ადვილია ეს მარშრუტი დაივიწყოს, ვიდრე ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით იფრინოს, ალიასკაზე შესვენებით.

თუმცა, ამით პრობლემები არ მთავრდება. თითქმის 1000 ლაინერიდან რუსული ავიაკომპანიების პარკში ყოველი მეორე დასავლეთიდან ლიზინგით არის აღებული. მათი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია. რუსეთის მხრიდან გადახდების ნებისმიერი შეფერხება სანქცების გამო მფლობელებს დიდ ზარალს მოუტანს.

ბანკები და ფინანსები

რუსეთის ბანკთაშორის  საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა SWIFT–იდან გათიშვას  ბანკირები ფინანსური სანქციების ატომურ ბომბს უწოდებენ. დასავლეთი მის გამოყენებას არ ჩქარობს, რადგან ერთის მხრივ, ეს რუს მოვალეებს საშუალებას მისცემს გადადონ, ან საერთოდ აღარ გადახადონ ვალი. მეორეს მხრივ, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში დასავლეთის როლს შეამცირებს.

თუმცა, SWIFT–იდან გათიშვის გარეშეც დასავლეთს, განსაკუთრებით ევროპას რუსეთის სახელმწიფო ბანკების სანქცირების და დოლარით გადახდების შეზღუდვის შემთხვევაშიც დანაკარგები ელით.

რუსეთში წარმოდგენილი დასავლური ბანკების უმრავლესობა ევროპულია. მათგან უმსხვილესი ბანკებია ავსტრიული Raiffeisen, იტალიური UniCredit და ფრანგული Société Générale. უარესი სცენარი, ანუ ყველაფრის დაკარგვა მათ 1.5–2.5 მილიარდი ევრო დაუჯდებათ.

დასავლური ბიზნესი რუსეთში

სანქციების საპასუხოდ რუსეთმა შეიძლება დასავლური კომპანიების აქტივები დააპატიმროს ან ექსპროპრიაცია მოახდინოს. ამ მხრივაც ყველაზე დიდი წილი ევროპაზე მოდის.

რუსულ კომპანიებსა და პროექტებში წილი ბევრ ევროპულ კომპანიას აქვს – გერმანულ Metro–ს, დანიურ Carlsberg–ს, ბრიტანულ ნავთობკომპანიებს, BP-ს და Shell-ს, ასევეთუ ნორვეგიულ Equinor-ს. უარეს შემთხვევაში ისინი ყველაფერს დაკარგავენ,  უკეთეს შემთხვევაში კი რუბლის კურსის კრახის ან მოგების ექსპატრიაციის შეზღუდვის გამო მოგებას დაკარგავენ.

სურსათი

ევროპაში და მსოფლიოში სურსათის ფასები ბოლო ათლეულების უმაღლეს ნიშნულზეა, ომი კი აუცილებლად გამოიწვევს საკვების კიდევ უფრო გაძვირებას. მიზეზი ორია:

ჯერ ერთი, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია. შავი ზღვა კი სტრატეგიულად ფასდაუდებელი რეგიონია პლანეტის სასურსათი უსაფრთხოებისთვის, რადგან შავი ზღვის პორტებიდან გადის ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, ქერი არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუმინეთიდან.

მეორე: რუსეთი ძირითადი მიმწოდებელია არა მხოლოდ სასუქის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულისა, არამედ თავად სასუქის. მათი დეფიციტი უკვე არსებობს, და შესაძლოა ევროპაში წლევანდელი მოსავალი დაზარალდეს.

ლითონები

რუსეთის ერთ–ერთი მთავარი სიმდიდრე ლითონები და შენადნობებია. ის ალუმინის, ფოლადიუმის, ტიტანის, ნიკელის, კობალტის, პლატინის, ოქროს, ფოლადის და სპილენძის წამყვანი მიმწოდებელია. ასევე ალმასების, რომელიც მართალია ლითონებს არ განეკუთვნება, თუმცა მნიშვნელოვანია.

პლატინიუმი აუცილებელია ავტომწარმოებლებისთვის, ტიტანი კი შეუცვლელია ავიამშენებლობაში, ისევე როგორც ალუმინი, რომელიც მსოფლიოში ისედაც არასაკმარისია.

ლტოლვილები

ეკონომიკურ ზარალს მოჰყვება მოსახლეობის გაღარიბება და უკმაყოფილება, თუმცა ამ ტალღის გადაგორება დროებით კრედიტებით და სუბსიდიებით შეიძლება. როგორც წინა ომების გამოცდილებამ აჩვენა, უფრო რთულია მოსახლეობა დაარწმუნო დევნილები მიიღოს, რომელთა ნაკადი წინა ომების დროს ევროპას მიაწყდა.

წინასწარი ვარაუდები იმის შესახებ, რა რაოდენობის ლტოლვილები მიაწყდებიან ევროპას უკრაინიდიან, შთამბეჭდავია. მაგალითად პოლონეთში, სადაც უკვე ისედაც 1.3 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს, ჩინოვნიკები დაახლოებით 1 მილიონ უკრაინელ ლტოლვის ელოდებიან. უნგრეთში პრემიერი ორბანი, რომელსაც მალე არჩევნები აქვს, ამომრჩეველს “ასობით ათასი, და შესაძლოა მილიონი ლტოლვილით“ აშინებს.