დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში COVID-ვაქცინის შემოსვლის შემდეგ პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება.
“ყველაზე მაღალი რისკჯგუფი ჩემი კოლეგები არიან – სამედიცინო დარგის მუშაკები, პირველ რიგში ისინი აიცრებიან.
შემდეგ შემუშავებული გეგმა არის, რომ უნდა აიცრან მოხუცთა სახლების ბინადარნი. ამის შემდეგ საუბარია, რომ ავცრით ასაკის მიხედვით – 75 წელს ზემოთ, შემდეგ 65 წელს ზემოთ, რადგან ისინი ყველაზე მოწყვლადი ფენა გახლავთ.
ამის შემდეგ მოდის მოსახლეობის ჯგუფები, სადაც არის თანმხლები დაავადებები, განსაკუთრებით ქრონიკული თანმხლები დაავადებები – დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის სიტემის, სასუნთქი სისტემის დაავადებები და ასე შემდეგ”,– განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის შემდეგ ის პირველი იქნება, ვინც აიცრება, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით არის რისკჯგუფში.
“ამირან გამყრელიძე აიცრება პირველ რიგში, ამირან გამყრელიძე ყველა მიმართულებით არის რისკჯგუფი. ამირან გამყრელიძე ექიმია, ამირან გამყრელიძის წლოვანება სწორედ არის 65 წელს ზემოთ, ამიტომ გპირდებით, როცა შემოვა საქართველოში ვაქცინა, პირველი ავიცრები და გაჩვენებთ, რომ COVID-ვაქცინა ნამდვილად გახლავთ სასარგებლო ადამიანებისთვის”. – ამბობს გამყრელიძე.