თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებული, თემურ ჭანუყვაძე, ტელეკამერებთან არ ჩნდება და კომენტარისგან თავს იკავებს. თუმცა “მთავარი არხი” დღეს მის საცხოვრებელ სახლთან იყოფებოდა და გასაუბრება სცადა ადამინათან, რომელიც გარდაცვლილ 23 წლის პროგრამისტს ყველაზე კარგად იცნოდა. თემურ ჭანუყვაძემ კამერასთან გამოჩენა არ ისურვა, თუმცა ჟურნალისტმა მას რამდენიმე შეკითხვა მაინც დაუსვა.
შეკითხვაზე, იყო თუ არა თამარ ბაჩალიაშვილი მართლაც მისი შეყვარებული, ჭანუყვაძე ამბობს: “რა თქმა უნდა, ჩემი შეყვარებული იყო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს ვიყავით ერთად”.
მას შემდეგ კი, რაც “მთავარის” ჟურნალისტმა მას ბაჩანა ლობჟანიძე უხსენა, ჭანუყვაძემ პასუხების გაცემა შეწყვიტა.
გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე დღეს, 29 აგვისტოს გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.
“თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში, უაღრესად კარგი პიროვნებაა, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ მაგრამ თამუნამ კარიერა აირჩია. არსებობს ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებულ ფოტოებიც არის, ბაჩანასა და სამსახურის უფროსისგან განსხვავებით, ვისაც ტყუილად აბრალებენ, რომ თამუნას მოსწონდა. წავიკითხე ბატონი თემურის ჩვენება და ის ნამდვილად ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას თავის ჩვენებაში“, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
ბაჩალიაშვილის საქმეში უკვე თვეზე მეტია ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვლის შეყვარებული იყო.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.