”შევქმნათ კერძო-საჯარო ფორმატის სამუშაო ჯგუფი და შევიმუშაოთ სათავგადასავლო ტურიზმში რისკების მართვის თანამედროვე სისტემა” – ამ ინიციატივით გამოდის, სამთო გამყოლთა ასოციაცია და გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
„შეძრწუნებული ვართ გუდაურში მომხდარი ტრაგედიით. ადამიანები, ვინც ამ უკიდურესად რთულ, ხიფათიან გზას ირჩევენ, უდავოდ განსაკუთრებულები არიან. მათი პიროვნული გამბედაობა, თავგანწირვის უნარი, კეთილშობილება, მათი არჩევანი ემსახურონ საკუთარი სიცოცხლის ფასად უცნობი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს. უმძიმესი და განსაკუთრებული დანაკარგია ასეთი ადამიანების წასვლა ჩვენგან. ვუსამძიმრებთ ოჯახებს, კოლეგებს, მეგობრებს, მთელ ქვეყანას.
ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენთვისაც – შვეულმფრენის პილოტები, მაშველები, პარამედიკები და სამთო გამყოლები სათავგადასავლო ტურიზმის ერთიანი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ჩვენ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამგვარი ტრაგედიის განმეორების შესაძლებლობა მაქსიმალურად შევამციროთ. ეს ამოცანა მიღწევადია ნაცადი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვით, რომელშიც გამყოლების და მაშველების პროფესიული განათლება, სახელმწიფო, კერძო და მოხალისე სამაშველო სამსახურები, დაზღვევა და სათავგადასავლო ტურიზმის სხვა აქტორები ქმნიან ერთიან სისტემას.
გამოვდივართ ინიციატივით: გადაუდებლად შევქმნათ კერძო-საჯარო ფორმატის სამუშაო ჯგუფი და შევიმუშაოთ სათავგადასავლო ტურიზმში რისკების მართვის თანამედროვე სისტემა“,- ნათქვამია განცხადებაში.