რა მოხდება, თუ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს? – ექსპერტების ანალიზი

გამოაცხადებს თუ არა პუტინი მობილიზაციას და როგორი იქნება ომის მესამე ეტაპი? –  ქართველი ექსპერტები და მკვლევრები განმარტავენ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს.

აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ცენტრის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ პუტინმა შესაძლოა საყოველთაო მობილიზაცია ოფიციალურად  არ გამოაცხადოს რადგან, რუსეთში მოქალაქეებს ომი მოსწონთ თუმცა თავად ბრძოლა არ სურთ. ამიტომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ახალგაზრდებით “წვრთნებზე გაიწვიოს” რადგან დაკარგული ცოცხალი ძალის შევსება აუცილებლად დასჭირდება.

”რუსეთში კარგად იციან, რომ მათ მოქალაქეებს ომი მოსწონთ და უნდათ, მაგრამ თავად რომ იბრძოლონ, ეგ არ სურთ. ისიც კარგად ახსოვთ, რომ 1917 წელს ჯარში ძალით წაყვანილმა ხალხმა მოაწყო რევოლუცია;

– ამიტომ პუტინმა ოფიციალურად შეიძლება მობილიზაცია არ გამოაცხადოს (ისევე, როგორც 2 თვეზე მეტია მიმდინარე ომს ომს არ ეძახიან), მაგრამ რადგან ომის გაგრძელებას აპირებს, მას აუცილებლად დასჭირდება დაკარგული ცოცხალი ძალის (იხილეთ წინა პოსტი) შევსება. და ამისთვის შეუძლია მაგალითად, “წვრთნებზე გაიწვიოს” ახალგაზრდები ან ჯარში დემობილიზაცია შეაჩეროს. მოკლედ სახელს და ფორმას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ცოცხალი ძალის მიზიდვას შეეცდება;

    • მობილიზებულებს დრო (ზოგჯერ თვეები) სჭირდებათ მომზადებისთვის. ანუ ეგრევე უკრაინაში ვერ შეყრიან. ეს კი უკრაინელებისთვის კარგია. უკეთ მოემზადებიან დასახვედრად;
    • მობილიზაციის ნებისმიერი ფორმა კორუფციის კიდევ ერთი წყარო გახდება რუსი სამხედროებისა და პოლიციისთვის. შეძლებულები თავს დაიხსნიან და ისევ ყველაზე გაჭირვებულებს მოუწევთ საზარბაზნე ხორცად წასვლა უკრაინაში;
    • რაც არ უნდა მოამზადოს რუსეთმა ეს მობილიზებულები, მათი მომზადების დონე ვერ იქნება ისეთი, როგორიც ჰქონდათ პირველ ნაკადში შესულ სპეცდანიშნულების რაზმებს. ესეც უკრაინელების სასარგებლოდაა;
    • მობილიზაციის პირველ ტალღას რუსეთის ეკონომიკა კი გაუძლებს, მაგრამ მეორე და მესამე ტალღაზე (არადა დამარცხების გამო ენდომება შემდეგი ტალღებით ცოცხალი ძალის მიზიდვა) ძალიან გაუჭირდებათ სანქციების გამო;
    • მაგ პერიოდისთვის უკრაინას ექნება დასავლეთიდან მიღებული თანამედროვე შეიარაღება. რუსებს კი ახალი ძალების აღსაჭურვად ძველი საბჭოთა ტექნიკის (1960-1970-იან წლებში წარმოებული და დასაწყობებული) გამოყვანა მოუწევთ. რითი შეიძლება დასრულდეს XX საუკუნის საბჭოთა და XXI საუკუნის დასავლეთის შეიარაღების დაპირისპირება (აღარაფერს ვამბობ, უკრაინელი და რუსი ჯარისკაციების მოტივაციის დონეზე) ძნელი მისახვედრი არაა – უკრაინა ომის ამ ეტაპზეც გაიმარჯვებს.

ბოლოს ამ რუსულ მანქანას ძალიან გაუჭირდება და სადღაც აუცილებლად გადატყდება. იმპერია ამ ფორმით ვეღარ გააგრძელებს არსებობას. ამის უფლებას აღარავინ მისცემს.”

”რუსების ცოცხალი ძალის დანაკარგი 25 ათასია.  თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსულ ჯარში 1 მოკლულზე 3 დაჭრილი მოდის, მივიღებთ დაახლოებით 75 ათას დაჭრილს.  ანუ საერთო ჯამში საბრძოლო მოქმედებებიდან გამოთიშული დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედრო გამოდის. ვთქვათ 25 ათასი გადაჭარბებული ციფრია და რეალურად, 20 ათასი რუსია მოკლული, დაჭრილებთან ერთად მაინც მნიშვნელოვანი ციფრი – 80 ათასი გამოდის.

ანუ ომის დაწყების წინ რუსეთის მიერ მობილიზებული 180 ათასი კაციდან დაახლოებით ნახევარი უკვე ჩამოშორებულია ომს. მერე დამატებითი ნაწილები კი მიაშველეს, მაგრამ რასაც ვხედავთ ფრონტის ხაზზე, ცხადია, რომ ისინი საქმეს ვერ შველიან.

რადგან რუსეთი ომის შეწყვეტას არ აპირებს, მას სჭირდება ახალი საზარბაზნე ხორცი ომის გასაგრძელებლად, რომლის მობილიზებას იგი შეეცდება ომის მესამე ფაზისთვის.
ეს კი არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული.” – აცხადებს ბატიაშვილი.

რა მოხდება, თუკი პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს?

საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი  გუგა ჯულუხიძე აცხადებს, რომ თუ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს “პუტინი ჰიპერპარანოიდულ, შეცდომებისკენ მიდრეკილ არსებად გადაიქცევა, რაც რუსეთის სტრატეგიულ მარცხს დააჩქარებს”.

”თუ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს დიდი უბედურება მოხდება  … თუმცა, პირველ რიგში რუსეთისთვის. ათიათასობით რუსი დედა მიიღებს მშრალ შეტყობინებას: “Пропал без вести”, “погиб”, “попал в плен” … ათასობით რუსი მამრი ჩალპება უკრაინულ მიწაში და სასუქად გადაიქცევა. რუს მესაფლავეებსა და მოძრავი კრემატორიუმის მუშაკებს ძილის საშუალება აღარ მიეცემათ.

კიდევ უფრო მძიმე და დაუნდობელი გახდება ცენზურა, რომელიც ცხვრის ფარას, ანუ რუსეთის მოსახლეობას დაარწუნებს, რომ “ვლადიმირ დიდი” მსოფლიოს უკრაინელი ნაცისტებისგან და უცხოპლანეტელებისგან იცავს.

ვიხილავთ უმძიმეს, ენითაღუწერელ სისასტიკეთა სერიებს, რომელსაც რუსი ბიჭები ან/და მათი მამები ჩაიდენენ უკრაინაში … თუმცა, ჩემი აზრით, საპასუხოდ, დაბომბილი რუსული ქალაქების ფოტოებსაც წავაწყდებით ხშირად.

პუტინი ჰიპერპარანოიდულ, შეცდომებისკენ მიდრეკილ არსებად გადაიქცევა, რაც რუსეთის სტრატეგიულ მარცხს დააჩქარებს და რაც მთავარია, მსოფლიოს დაარწმუნებს იმაში, რომ არსებული წესრიგი შესაცვლელია.

რუსეთის მიერ დაჩაგრულ, გაბოროტებულ ერებს მოქმედებისა და შურისძიების გაზრდილი შესაძლებლობა მიეცემათ. არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელსაც ჩვენზე ძლიერ სძულს ეს ორთავიანი, მონღოლურ-რუსული არწივი და როცა რუსეთი დასუსტდება, დაუნდობლები იქნებიან.

კიდევ უფრო შეგვძულდება ეს ბოროტი ერი და იმ დროს, როცა ბომბი უდანაშაულო რუსს დაეცემა, არავინ ჩაიცვამს სამგლოვიარო სამოსელს … ისევე, როგორც არავის უგლოვია 1945 წლის ბერლინში ათასობით მოკლული გერმანელი ბავშვი, მოხუცი თუ ქალი (არც III რეიხში იყო ყველა ნაცისტი, თუმცა ასეთი დაუნდობელია კოლექტიური პასუხისმგებლობა).

დაბოლოს, ვინც ომის სწრაფად დასრულებას ნატრობთ, იცოდეთ, რომ თუ პუტინმა სული მოითქვა, ჩვენთანაც მოვა (რაც არ უნდა რაციონალურად, ან ირაციონალურად იმოქმედოს საქართველოს მთავრობამ) და არც იმის გარკვევას დაიწყებს, ვის ენატრება საბჭოთა კავშირი და ვის – ამერიკაში გატარებული სტუდენტობა. მას სხვანაირად არ შეუძლია.

ამიტომაც, რუსეთი უნდა დამარცხდეს და ისეთივე სუსტ და გაუპატიურებულ სახელმწიფო ერთეულად იქცეს, როგორც ნაცისტური გერმანია.

თავდახრილმა, მდუმარემ, შერცხვენილმა და შეშინებულმა უნდა იაროს ლენინის გვამის მადიდებელმა, Z-ეტთაყვანისმცემელმა ერმა მომდევნო წლების განმავლობაში და ჩურჩულით ისაუბროს თავის ZიZინა ენაზე. რუსეთი დამარცხდება!” -ამბობს ჯულუხიძე.