რა პირობა უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ დახმარების მისაღებად – EU-ს განცხადება

ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება დახმარების მეორე ტრანშის გაცემის ერთ-ერთი პირობაა.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უმოკლეს დროში მიმართოს ვენეციის კომისიას მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაფასებლად.

“პირველ აპრილს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს. ევროკავშირს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და არსებული წესების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, რადგან ის შერჩევის პროცესის სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებას გულისხმობს, იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეადგინა და მიიღო ეს ცვლილებები, მრავალმხრივი საკონსულტაციო პროცესის გარეშე. ჩვენ დანანებით აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ერთხელ უკვე მიიღო ეს კანონმდებლობა დაჩქარებული პროცესით, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვის და კომისიის საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე.

ამიტომ, ევროკავშირის დაჟინებით ურჩევს საქართველოს, უმოკლეს დროში მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს. ახალი საკანონმდებლო წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაადასტურებს, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს.

საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უზენაესი სასამართლო, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და პატიოსნების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე არის პირობა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის”,– წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერებაზე პირველად ევროპარლამენტარებმა განაცხადეს. მათ პოლიტიკური კრიზისის გამო საქართველოსთვის დახმარების პირველი ტრანშის შეჩერება მოითხოვეს.