რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს კიევის შტურმი–ბრიტანელი გენერლის ვერსია

გადამდგარმა ბრიტანელმა გენერალმა, რიჩარდ ბარონზმა ტელეარხ სქაის ეთერში ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება მისი აზრით განვითარდეს კიევისთვის ბრძოლა.

გენერლის აზრით, რუსული ჯარების შეტევა უკრაინის დედაქალაქზე უკვე ძალიან გაჭიანურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული თავდაცვის და რუსების ლოჯისტიკური პრობლემების გამო. მაგრამ ის ელის, რომ კვირას რუსეთი საკუთარ ძალებს კიევის გარეუბნებთან გადააჯგუფებს და ქალაქის აღებას შეეცდება.

რუსული ტანკები სავარაუდოდ პრეზიდენტის სასახლისკენ წავლენ, გზად კი სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდებიან არა მხოლოდ უკრაინელი სამხედროების, არამედ რიგითი მოქალაქეების მხრიდანაც. კიევის ცენტრისკენ რუსულ ტექნიკას ბრძოლით მოუწევს გარღვევა, რაც სავარაუდოდ ქალაქში მნიშვნელოვან ნგრევას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას გამოიწვევს.

რა თქმა უნდა, უკრაინის სამხედრო ძალები შეიძლება შეეცადონ რუსების შეკავებას დედაქალაქის ჩრდილო–დასავლეთით მისადგომებზე, მაგრამ მაშინ უკრაინული ნაწილები სარაკეტო და ავიადარტყმებისთვის ადვილი სამიზნე გახდებიან.

მეორე ვარიანტია – რუსული ტანკები ცენტრისკენ აქტიური წინააღმდეგობის გარეშე გაატარონ, რაც მნიშვნელოვანი მსხვერპლის და ნგრევის თავიდან აცილების საშუალებას მისცემს უკრაინელებს, შემდეგ კი მოწინააღმდეგეს უკვე ცენტრში შეუტიონ, სადაც მას საკუთარი ძალების კოორდინირება უფრო გაუჭირდება.

გენერალი დარწმუნებულია, რომ კიევის აღება ისე, რომ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი ნანგრევებად არ იქცეს, სავარაუდოდ შეუძლებელია, და ეს შესანიშნავად უნდა ესმოდეს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას.

უკრაინის კიდევ ერთი შესაძლო სტრატეგია რუსებისთვის ზურგში დარტყმის მიყენებაა – მათი საკომუნიკაციო და მომარაგების სისტემის განადგურებით, რადგან მათთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო ყველა მომარაგება 200 კილომეტრით დაშორებული საზღვრიდან მოაქვთ.

სერ რიჩარდის აზრით, სრულიად სხვაგვარად არის საქმე აღმოსავლეთის ფრონტზე. კრემლში როგორც ჩანს გათვალეს, რომ აღმოსავლეთის ოლქები, სადაც მოსახლეობა ძირითადად რუსულენოვანია, რუს სამხედროებს დიდ წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ და მიიღებდნენ როგორც გამათავისუფლებლებს, რითაც შავი ზღვისკენ კორიდორს გაუხსნიდნენ.

თუმცა, ბარონზის აზრით მოსკოვში არასწორად გათვალეს და რუსებს აღმოსავლეთით შეტევა გაუჭირდათ.