რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ გადასახადების რეალური დაწევა განიხილოთ? – ბოკერია თურნავას

“მაინტერესებს, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ თქვენ, ივანიშვილის მთავრობამ, გადასახადების რეალური, არსებითი დაწევა განიხილოთ?!”, – მიმართვს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას.

“რამდენად უნდა დამძიმდეს ვითარება?! თქვენი მთავრობის მონაცემებით, 2016-დან 2019 წლამდე 45 ათასით შემცირდა ოფიციალურ დასაქმებულთა რიცხვი, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში, 33 ათასით ნაკლები ადამიანია დღეს დასახლებული. ეკონომიკის შემცირებამ მეორე კვარტალში შეადგინა -12%, რაც არის დაახლოებით 6 მილიარდი ლარი დაკარგული მთელი ეკონომიკისთვის. მე მინდა მითხრათ ზღვარი, რის შემდეგაც განიხილავთ სერიოზულად ტვირთის შემცირებას მოქალაქეებისთვის და მეწარმეებისთვის”, – მიმართა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს.

ბოკერიამ მინისტრი და პრემიერი გიორგი გახარია სიცრუეში დაადანაშაულა. ბოკერიას თქმით, ხელისუფლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო საგადასახადო ტვირთით მესამე ადგილზეა, სიცრუეა.

“ისევ უტიფარი ტყუილი – თქვენ პასუხში გიწერიათ, რომ თურმე მესამე ადგილზეა საგადასახადო ტვირთით საქართველო. რაზე გაქვთ გათვლა, რომ უბრალოდ ამ სიცრუეს არავინ არ შეამოწმებს? აქ იყო პრემიერმინისტრი, თქვენი გუნდის ლიდერის ასისტენტი და მანაც გაიმეორა ეს სიცრუეა. ჩვენ მას მივუთითეთ, რომ ცრუობს და მივუთითეთ მხოლოდ იმ გადასახადზე, რომელიც ეხება პირდაპირ ბიზნესს. გადასახადების საერთო ტვირთით, საქართველო არის 119-ე თუ 118-ე ადგილზე. რა აზრი აქვს ამ სიცრუეს?! რითი უმსუბუქებს ჩვენს მოქალაქეებს მდგომარეობას?!”, – მიმართა ბოკერიამ ნათია თურნავას.

ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარეს. მას ამ წუთებში უსმენენ.