პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებმა კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომლის ინიცირება პარლამენტში ხვალ მოხდება. კანონპროექტი მთავრობას საშუალებას აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გაატაროს სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება.
თუ პარლამენტი მას მხარს დაუჭერს, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს:
- საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება;
- პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება;
- საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება;
- ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.
კანონპროექტს მწვავე კრიტიკა მოყვა ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, ,,კანონის პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ ადამიანის იმ ძირითად უფლებათა შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით.
TI–ს წერს, რომ კანონპროექტში საკარანტინო ღონისძიებების ცნება იმდენად გაფართოებულია, რომ , ფაქტობრივად, უთანაბრდება საგანგებო მდგომარეობას.
ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანის შეფასებით, დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის ასეთი უფლების მინიჭება სრულიად დაუშვებელია და შემაშფოთებელია, როდესაც მთავრობა ამას ითხოვს. მისი თქმით, ოპოზიცია ავტორიტარიზმის სურვილს ხედავს.
პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობამ იმიტომ მიმართა პარლამენტს, რომ ,,ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი”.
კანონპროექტი ხვალ, 20 მაისს ბიუროს სხდომაზე განიხილება.