რა ქონებას ფლობს თანამდებობიდან წასული თამარ ჟვანია

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის თავმჯდომარედ მეორე ვადით 2018 წლის 24 დეკემბერს აირჩიეს. მან თანამდებობა ვადაზე ადრე, დღეს დატოვა.

ჟვანიას შემოსავლები ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უცნობია, რადგან მან უკანასკნელი დეკლარაცია 2020 წლის 28 ნოემბერს შეავსო. ამ დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან 2019 წელს თბილისში ორი საცხოვრებელი ბინა შეიძინა. პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ბინაში 44 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინა 117 000 დოლარი დაუჯდა.

დეკლარაციის შევსების დროს, ჟვანია საქართველოს ბანკის ანგარიშზე 15 526 ლარს ფლობდა, საკრედიტო ბარათზე 9694 ლარს, ხოლო ანაბარზე – 1504 ლარს.

მონაცემებით ირკვევა, რომ თამარ ჟვანიას ნაღდი ფულის სახით 11 500 დოლარი აქვს, რომელიც, მისივე განმარტებით, ანაზღაურებითა და მოძრავი ქონების გასხვისებით მიიღო.

მისი შრომითი ანაზღაურება, “ფლანგვის დეტექტორის” ცნობით, 2013-2019 წლებში 798 602 ლარს გაუტოლდა, საიდანაც 499 602 ლარი თანამდებობრივი სარგოა, 195 871 დანამატი, 103 129 ლარი კი პრემია.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ ჟვანიას 2020–2021 წლისა და მიმდინარე წლის 6 თვის ზუსტი ანაზღაურება ცნობილი არ არის, საგამოძიებო მედია “აი ფაქტი” ვარაუდობს, რომ ცესკოს თავმჯდომარემ 2013 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან მინიმუმ 1.1 მილიონი ლარი მიიღო.