რა ქონებას ფლობს პუტინის ყოფილი ცოლი–ნავალნის გუნდის ახალი გამოძიება

ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებმა ხუთშაბათს გამოაქვეყნეს გამოძიება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ ცოლს და მის ამჟამინდელ ქმარს ეხება. გამოძიებაში საუბარია მათ ბიზნესზე და საზღვარგარეთულ უძრავ ქონებაზე.

რამდენიმე ფაქტი გამოძიებიდან:

ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ლუდმილა პუტინა კურირებდა სპეციალურად მისთვის შექმნილ “რუსული ენის განვითარების“ ცენტრს. ეს ახალი ამბავი არ არის – მასზე, როგორც ცენტრის ხელმძღვანელზე “ნოვაია გაზეტაც“ კი  წერდა. 2009 წელს ფონდის სახელი შეიცვალა და გაჩნდა ფონდი “  ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრი”. 2013 წლის ივნისში პუტინები განქორწინდნენ.

ფონდს არტურ ოჩერეტნი ხელმძღვანელობს. მედია წერდა, რომ ეს პუტინის ყოფილი ცოლის ახალი ქმარია. ლუდმილა პუტინა გათხოვების შემდეგ 2015 წელს მის გვარზე გადავიდა. ამის შესახებ მონაცემები ვიკიპედიაშიც კი იძებნება.

მოსკოვის მერიამ და პრეზიდენტის საქმეთა სამმართველომ ფონდს საკუთრებაში გადასცა კრემლის გვერდით, ვოზდვიჟენკას ქუჩაზე მდებარე 1774 წელს აშენებული ისტორიული შენობა. ახალმა მესაკუთრეებმა მას ორი სართული დააშენეს, რასაც ქალაქის დამცველთა პროტესტო მოჰყვა. ეს ამბავიც არ არის სიახლე.

ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრმა ამ ისტორიულ შენობაში ყველა ფართო კომერციულ ფირმა მერიდიანს მიაქირავა, რომელიც ლუდმილა პუტინა–ოჩერეტნაიას ეკუთვნის – წერენ ნავალნის თანამებრძოლები. არც ეს არის სიახლე. 2017 წელს საგენტო როიტერი წერდა, რომ არენდის ფულს “მერიდიანი“ იღებდა, რომელიც 99%–ით ეკუთნოდა ინტერიერსერვისს, რომლის მფლობელი რეესტრის მონაცემებით ლუდმილა ალექსანდრეს ასული შკრებნევა იყო. ეს არის რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილობის სრული სახელი და გვარი.

არენდიდან შემოსავალი მაშინ როიტერმა წელიწადში 3 მილიონ დოლარად შეაფასა, ნავალნის თანაგუნდელებმა კი ამჟამინდელი შემოსავალი 250 მილიონ რუბლად წელიწადში, რაც დაახლოებით 4 მილიონი დოლარია. არენდატორები არიან ვითიბი ბანკი, სბერბანკი, ბურგერ კინგი, აფთიაქი, კოლექტორული სააგენტო – ამბობენ ნავალნის გუნდის წევრები.

ისინი ამტკიცებენ, რომ დაადგინეს პუტინის ყოფილი ცოლის ხელფასი ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრში: მათი თქმით, 2020 წლის ოქტომბრამდე ის საკუთარ თავს თვეში 1 მილიონ რუბლს უხდიდა, 2020 წლის ოქტომბრიდან კი 2 მილიონ რუბლს.

გამოძიების ერთ–ერთი მთავარი მტკიცებაა ის, რომ პუტინის ყოფილი ცოლის და მისი ამჟამინდელი ქმრის სტრუქტურა დაფინანსებას იღებს მოსკოვის მერიიდან, გაზპრომბანკიდან და სევერსტალიდან. თითქოსდა მათ მიერ მოძიებული საბანკო გადარიცხვების მიხედვით გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ორგანიზაციის სამი უმსხვილესი სპონსორი ეს სამი იურიდიული პირია.

3 წლის მანძილზე მოსკოვის მერიამ ცენტრს 175 მილიონი რუბლი ჩაურიცხა, გაზპრომბანკმა 140 მილიონი, სევერსტალმა კი 100 მილიონი რუბლი.  ეს ორგანიზაციები ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

გამძიებაში საუბარია, რომ ოჩერეტნების ოჯახმა ბინები და სახლი იყიდეს საფრანგეთის სამხრეთით, შვეიცარიაში და ესპანეთში. მათი საერთო ღირებულება გამომძიებლების შეფასებით 600 მილიონი რუბლია.

ისინი ამტკიცებენ, რომ პუტინის ყოფილი ცოლი და მისი ქმარი ფლობენ ვილას ფრანგულ ბიარიცში, რომელშიც 5.3 მილიონი ევრო გადაიხადეს. ჯერ კიდევ 2017 წელს ამ ვილის შესახებ კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრი წერდა, რომლის დამფუძნებლები წელს რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა. ორგანიზაციამ ვილის ღირებულება 7 მილიონ ევროდ შეაფასა. ამავე სანაპიროზე დაფუძნდა კატერინა ტიხონოვა, რომელსაც პუტინის შვილს უწოდებენ.

ესპანურ მალაგაში პუტინის ყოფილ ცოლს გამოძიების ავტორებმა 2 ბინა აღმოუჩინეს. პირველი ჯერ კიდევ 2011 წელს იყიდა, როცა პუტინის ცოლი იყო. მეორე თითქოსდა  2014 წელს – პუტინთან განქოროწინების შემდეგ შეიძინა.

ლუდმილა ოჩერეტნაია და მისი ქმარი არ არიან ჩართული ევროკავშირის სასანქციო სიაში, თუმცა მაისში ბრიტანეთმა ლუდმილა ოჩერეტნაიას წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

კიდევ ერთი დეტალი – ნავალნის თანამებრძოლები ამტკიცებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლის ანონიმური ბლოგი აღმოაჩინეს ერთ–ერთ ჟურნალში, რომელსაც თითქოსდა გამოგონილი სახელით (llenaa)  აწარმოებდა.