რა ღირს ოცნების მხარდაჭერა. “დამოუკიდებელი“ ექსპერტების სიას, რომლებიც ოცნებიდან ფინანსდებიან ტვ პირველი აქვეყნებს

ნოდარ მელაძის გადაცემაში ტვ პირველზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნება მის მხარდამჭერ “დამოუკიდებელ ანალიტიკოსებს“ თანხებს უხდის. ტვ პირველის ინფორმაციით,  ექსპერტები, რომლებიც მმართველი პარტიის ყველა პოზიციას ამართლებენ. ქართული ოცნების ე.წ. გარე სპიკერები არიან.ეს ადამიანები ოცნების წევრები არ არიან, თუმცა მის მხარდასაჭერად მოქმედებენ და ამისთვის გასამრჯელოს იღებენ.

ტვ პირველმა ეთერში აჩვენა ფურცელი, რომელიც მათი თქმით არის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც   პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი, ლაშა ნაცვლიშვილი 2019 წლის 28 იანვარს პარტიის აღმასრულებელ მდივანს,  ირაკლი კობახიძეს თხოვს გაიცეს განკარგულება პარტიის გარე სპიკერების მიერ იანვარში გაწეული მომსახურების ღირებულების დასაფარად. ჯამში მითითებული თანხა 15 000 ლარია.

ტვ პირველის მიერ ნაჩვენებ ფურცელში ექსპერტების გვარები, გვარების გასწვრივ კი თანხებიც წერია, რომლებიც ექსპერტებისთვის უნდა გადაეხადათ:

ყველაზე დიდი თანხა ზაალ ანჯაფარიძისთვის გამოიყო, რომელსაც უნდა მოემზადებინა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირების შესახებ კვლევა, და მისთვის ამისათვის სხვებთან შედარებით ორმაგი თანხა – 3000 ლარი იყო გამოყოფილი. დანარჩენი ექსპერტების უმრავლესობის გვართან 1500 ლარია მითითებული.

ტვ პირველი ამბობს, რომ თანხის ნაწილი საბანკო გადარიცხვით გაიცა, ნაწილი კი სავარაუდოდ ხელზე.

სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით მათ საიდუმლო ფაილები  კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა და მათ ხელთ აქვთ გადარიცხვების დამადასტურებელი ქვითრები, კონვერტით გაცემული ანაზღაურების დამადასტურებელი ჩანაწერები და ადამიანების სია, რომლებიც არაფორმალურად ოცნების სამსახურში არიან.  ტელეკომპანია ამბობოს, რომ მათ დღეს მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროვეს.

ვასო კაპანაძე, ნიკა მეტრეველი, მამუკა არეშიძე, ვახტანგ ჭარაია, ირაკლი ლატარია,ამირან სალუქვაძე, ლადო ბოჟაძე, გიორგი ახვლედიანი– ამ გვარების გასწვრივ 1500 ლარია მითითებული. ყველა ზემოთჩამოთვლილი ექსპერტი სახელისუფლო პოზიციების საჯარო დაცვით გამოირჩევა, თუმცა უცნობია რომელი გიორგი ახვლედიანია მითითებული სიაში.

ნიკა მეტრეველი ადასურებს, რომ ოცნების ლობისტია, თუმცა ამტკიცებს, რომ ქებაში ფულს არ იღებს.

მამუკა არეშიძეს არ უკვირს, რომ ქართული ოცნება თანხებს გარე სპიკერებს უხდის. არ გამორიცხავს, რომ ანალიტიკოსების ნაწილს მმართველი პარტიიდან ფინანსური წახალისება ქონდეს, თუმცა ამბობს, რომ თვითონ ფულს არ იღებს.

 

ტვ პირველი ამბობს, რომ მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში რამდენიმე სია დევს. პირველი მოხსენებითი ბარათია, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს თანხას სთხოვს, დანარჩენ ფურცლებზე კი მითითებულია მათი გვარები, თანხა და შემდეგ კალმით მიწერილი პლუსი, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ თანხა გაიცა. მეორე სიაში სხვა გვარებიც გვხვდება.  ერთ–ერთი საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძეა.

სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ოცნების გარე სპიკერი არ არის.

თანხის აღებას ლადო ბოჟაძეც უარყოფს. ამბობს, რომ 1500 ლარი ცოტაა და ოცნებისთვის გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ ოცნებისგან ფულის აღება ფეისბუქზე უარყო ირაკლი ლატარიამ:

“დამეფიცება, ცხოვრებაში ფული არ ამიღია პარტია ქართული ოცნებიდან, ეგ კი არა ისიც დამეფიცება რომ ორჯერ ვარ სულ პარტიის შენობასთან ნამყოფი და ორივეჯერ არა პარტიულ თემაზე, მხოლოდ ველოდებოდი მეგობარს.  ყოველთვის რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებ იყო გულით, ყველა ეთერში მივდიოდი და ვსაუბრობდი იმას, რაც გულში მქონდა.

მელაძის მიზანი ვიცი რაც არის, ივანიშვილს ყველა იცავს ფულის სანაცვლოდ, სააკაშვილს კი – სიყვარულით.

მიხაროდა თქვენთან მოსვლა, ყოველთვის კარგი საუბრები იყო, მაგრამ რაც დღეს გააკეთეთ ეს არის ცილისწამება, ზღაპარი და ადამიანის დაცინვა.

მე არ დამიმსახურებია ასეთი რამ, მითუმეტეს, თქვენგან.

ამიტომ, ტვ პირველთან არ ვაპირებ ვითანამშრომლო, არანაირი კომენტარი, არანაირი დებატი, არანაირი განხილვა თემების, უბრალოდ გემშვიდობებით და მაქვს იმედი, რომ ცილისწამებისათვის არხი მოიხდის ბოდიშს, რომელიც იქნება ღირსეული საქციელი!!! “– დაწერა მან.

ზაალ ანჯაფარიძემ კი ფეისბუქ გვერდზე დაწერა: „მელაძის მისვლის შემდეგ ტვ–1 უკვე ბოლომდე აყროლდა და ფეიქნიუსების ფაბრიკად იქცა.“

 

ვახტანგ ჭარაია ოცნებასთან თანამშრომლობას არ უარყოფს და ამბობს, რომ კონსულტაციას უწევს პარტიას, თუმცა უფასოდ.         “

ლაშა ნაცვლიშვილი ინფორმაციას უარყოფს და ტვ პირველს ეუბნება, რომ ის არ იკავებს ქართულ ოცნებაში არანაირ ადმინისტრაციულ თანამდებობას და პარტიის სახსრებთან შეხება არ აქვს. თუმცა, ამტკიცებს, რომ პარტია ქართულ ოცნებას არანაირი ე.წ. გარე სპიკერები არ ჰყავს და შესაბამისად, არავის უხდის მხარაჭერისთვის გასამრჯელოს, რადგან პარტიას მილიონ ორასი ათასზე მეტი გულწრფელი მხარდამჭერი ყავს, ვინც სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე პერიოდულად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას.

 

მეორე სიაში კიდევ უფრო მეტი გვარია: ლევან ნიკოლეიშვილი გია გაბრიჭიძე, ზაზა შათირიშვილი, თამარ მეგრელიშვილი, ოთარ ანგურიძე, თამარ კიკნაძე, თამარ მეგრელიშვილი,  თამარ მახარობლიძე, სოსო არჩვაძე, ედიშერ გვენეტაძე.